Saturday, October 17, 2009

აღმოსავლეთ-ევროპას რუსული ბატონობის ახალი ეპოქის დაწყების ეშინია


ენდრიუ კრამერი

მოსკოვი - რუსული გაზის გიგანტი ”გაზპრომი,” რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე ახალი მილსადენის გაყვანის ამბიციური გეგმის რეალიზაციას ეწევა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის პოლიტიკურ შუღლს თესავს


მართალია, რუსულ-გერმანული გაზსადენი დასავლეთ-ევროპას აშკარა ენერგეტიკულ სარგებელს აძლევს, მაგრამ ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის ლიდერებს ეშინიათ, რომ ეს ყოფილ საბჭოთა ბლოკში რუსეთის ბატონობის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდება, რაც მათ რუსეთზე გაზით დამოკიდებულებას დაეფუძნება. რუსეთს თავისი გაზის სიმდიდრით და საეჭვო პირადი კავშირებით დასავლეთში, ევროკავშირის წევრთა რიგებში, რომლებმაც საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის კოლექტიურად მოქმედების პირობა დადეს, განხეთქილება შეაქვს.

დღეს დასავლეთ-ევროპაში რუსული გაზის გადაქაჩვა აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნების გავლით ხდება. თუკი რუსეთი რომელიმე აღმოსავლეთ-ევროპელ მეზობელზე გავლენის მოსახდენად გაზს გადაკეტავს, ამგვარი ქმედების შედეგებს საკუთარ თავზე დასავლეთის უფრო დიდი და გავლენიანი ქვეყნები გამოცდიან, რადგან ეს მათთან ხმამაღალ პროტესტს გააჩენს.

მილსადენის ”ჩრდილოეთ ნაკადი”-ს გაყვანით ამ ტოლობაში განლაგება იცვლება. 750 მილის სიგრძის გაზსადენი წყალქვეშ - რუსული ვიბორგიდან გერმანულ გრეიფსვალდამდე - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების და სსრკ-ს სატელიტი ქვეყნების გვერდის ავლით შენდება. ის რუსეთს დასავლეთის ცალკე ხაზით მომარაგების საშუალებას აძლევს.

როგორც უსაფრთხოების საკითხებში ბევრი ექსპერტი და აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, ამის შედეგად უფრო მეტი შანსი გაჩნდება, რომ რუსეთი მეზობლებთან დაკავშირებით ”მილსადენურ” პოლიტიკას გაატარებს.

”გუშინ ტანკები, დღეს ნავთობი” - განაცხადა პოლონური სპეცსამსახურების ყოფილმა ხელმძღვანელმა ზბიგნევ სემენტკოვსკიმ.

რუსები ამას სხვაგვარად წარმოაჩენენ. ”გაზპრომი” რომელიც ევროპას მოხმარებული გაზის 28%-ს აწვდის, აცხადებს რომ პროექტი, რომლის ღირებულებაც 10,7 მილიარდი დოლარია, კომერციულია და არანაირი სტრატეგიული ხასიათი არა აქვს.

ამ პროექტის რეალიზატორი კომპანიის Nord Stream -ის გენერალური დირექტორი მატიას ვარნიგი, რომელიც აღმოსავლეთ-გერმანიაში ცხოვრობდა, ამბობს რომ აღმოსავლეთ-ევროპელთა შეშფოთება უსაფუძვლოა. ”კედელი 20 წლის წინ დაინგრა” - განაცხადა მან. მისი თქმით, ევროპას დამატებითი გაზი ესაჭიროება, რათა ჩრდილოეთ ზღვაში რესურსების შემცირების კომპენსაცია მოახდინოს, ხოლო რუსეთი საუკეთესო ადგილია, სადაც ამ რესურსების მიღება შეიძლება.

ევროპელი წარმომადგენლები, ამ პროექტზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ის ევროპის გაერთიანებას დაეხმარება და მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას განამტკიცებს. ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოიწონეს ეს პროექტი, 2006 წელს კი მის მიმართ აღებული საკუთარი ვალდებულებები ხელახლა დაადასტურეს.

”რაც შეეხება ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას, ჩვენ მისი ნაწილი ვართ პრიორიტეტების ყველაზე მაღალ დონეზე” - განაცხადა Nord Stream-ის წარმომადეგნელმა ევროკავშირში სებასტიან საასმა.

მაგრამ ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ”გაზპრომი”-ს და სამი სხვა, გერმანული და ჰოლანდიური კომპანიის ერთობლივი საწარმოდან მიღებული შემოსავლები, რუსი მიმწოდებლების და დასავლელი გამანაწილებლების ჯიბეებში წავა, ხოლო საბჭოეთზე დამოკიდებული ქვეყნები ენერგეტიკული შანტაჟის პირისპირ დაუცველები აღმოჩნდებიან.

უკვე არსებობს ასეთი ტაქტიკის პრეცედენტები. შვედურმა კვლევითმა ორგანიზაციამ, რომელიც ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ქვეგანყოფილებაა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ-ევროპაში პოლიტიკური მიზეზებით ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტის 55 შემთხვევა დაადგინა.

რუსეთის მხრიდან დღემდე ბუნებრივი გაზის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენება, ხანმოკლე და ცალკეული ემბარგოების ხასიათს ატარებს, რადგან ეს ზეწოლის ძალიან უხეში იარაღია.

ასე მაგალითად, ამ წლის იანვარში, რუსეთმა გაზის მიწოდება იმ მილსადენიდან შეწყვიტა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის და ეს თითქოს კიევთან ფასებზე და ტარიფებზე არსებული დავის გამო გააკეთა.

გაზის გათიშვის გამო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ასობით-ათასი ოჯახი გათბობის გარეშე დარჩა, ასობით საწარმომ კი სამი კვირით მუშაობა შეწყვიტა.

ის რაც ადრე ორმხრივი დავა იყო, მთელი ევროპის ცხოვრებაზე აისახა. ამან დასავლეთის გავლენიანი ქვეყნების გაღიზიანება გამოიწვია და რუსეთს ის სერიოზულ თანხად დაუჯდა.

ახალი პროექტი და მსგავსი გაზსადენი სახელწოდებით ”სამხრეთ ნაკადი,” რომელიც შავი ზღვის ფსკერზე სამხრეთ-ევროპისკენ წარიმართება, დასავლეთ ევროპას მსგავსი აქციებისგან დააზღვევს და რუსეთიდან პოლიტიკურ და ფინანსურ შეფერხებებს შეზღუდავს.ხან ერთი, ხან კი მეორე მილსადენის გადაკეტვის შესაძლებლობა ”ახირების მიხედვით, აღმოსავლეთ-ევროპისთვის გაზის გათიშვის შესაძლებლობებს ზრდის” - ამბობს კარტერის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკი. მან ამ მილსადენებს უდიდესი რუსული ინიციატივა უწოდა, რომელიც მიმართულია ”ცენტრალურ და დასავლეთ-ევროპას შორის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების საკითხებში განხეთქილების შეტანისკენ.”

”ცენტრალური ევროპელები, რომლებიც თავისი ნების საწინააღმდეგოდ საბჭოთა ბლოკის წევრები იყვნენ, ყველაზე მეტად ღელავენ” - განაცხადა მან.

აღმოსავლეთ-ევროპელებს მილსადენის საკითხი ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის მტკივნეულ, ბნელ პერიოდს ახსენებს. ის დებატებს იწვევს რუსეთის განზრახვებზე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც მოსკოვი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან - ბერლინის კედლის დანგრევამდე მართავდა.
გაზაფხულზე პრეზიდენტ ობამას მიმართ ევროპულ სახელმწიფოთა ყოფილი 23 მმართველის და ინტელექტუალის, მათ შორის ჩეხეთის ექს-პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ ვალენსას მიერ დაწერილ ღია წერილში, აღნიშნულია, რომ საქართველოსთან შარშანდელი ომის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ”პრივილეგირებული ინტერესების სფეროს” შესახებ განაცხადა, რომელშიც შეიძლება მათი ქვეყნებიც შედიოდნენ.

წერილში ნათქვამია, რომ გაზსადენების კონტროლით, ”რუსეთმა საკუთარ თავს რევიზიონისტი ზესახელმწიფოს სტატუსი დაუბრუნა, რომელიც მე-19 საუკუნის პოლიტიკას 21-ე საუკუნის მეთოდებით ატარებს.”

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ რუსეთს და გერმანიას შორის მილსადენის გაყვანაზე შეთანხმება 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაკეტს შეადარა, რომლითაც ცენტრალური ევროპა გერმანული და საბჭოთა გავლენის სფეროებად დაიყო. ”ჯერ მიიღო გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ გამართო ჩვენთან კონსულტაციები - სოლიდარობის იდეა ჩვენ ასე არ წამოგვიდგენია” - სთქვა მან.

თუმცა შეშფოთების ტალღა, რომელიც აღმოსავლეთში სულ უფრო იზრდება, დასავლეთში ფაქტობრივად არ შეიმჩნევა, რადგან რუსეთი იქ ”გაყავი და იბატონე”-ს პრინციპით, საკმაოდ ეფექტურ პოლიტიკას აწარმოებს.

”რუსეთი ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელსაც ყველაზე სერიოზული განხეთქილება წვლილი შეაქვს ევროკავშირის რიგებში” - ამბობს ანჟელა სტენტი, ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიული, რუსული და აღმოსავლეთ-ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, ”რუსეთი და ”გაზპრომი” ძალიან კარგად და ოსტატურად ეპყრობიან ცალკეულ ქვეყნებს.”

დასავლეთში ნავთობისა და გაზის დახლართული ქსელი, ასევე რუსეთთან დაკავშირებული კორპორაციები და გავლენიანი ფიგურები ამ ქვეყანასთან ურთიერთქმედების პროცესს უწყობენ ხელს.

ამ პროცესში ყველაზე შესამჩნევი ფიგურა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი გახდა, რომელიც კომერციას რუსეთის და ევროპის ინტეგრაციის ინსტრუმენტად იყენებს. ”შრიოდერი კულისებს მიღმა მყოფი ის პოლიტიკური საქმოსანი იყო, რომელმაც ამ გარიგების წარმატება უზრუნველყო” - ამბობს ზეინო ბარანი, ავტორიტეტული ექსპერტი ევრაზიული ენერგეტიკის საკითხებში ნიუ-იორკის კონსერვატიული, ჰადსონის უნივერსიტეტიდან. ”მის გარეშე ამ გარიგების რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა” - აღნიშნავს იგი.

შრიოდერის მთავრობამ მილსადენის მშენებლობაზე შეთანხმებას, რომელიც პროექტთან დაკავშირებით გერმანიის მხრიდან 1, 46 მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიებს ითვალისწინებს, ხელი სულ რამდენიმე დღით ადრე მოაწერა მანამ, ვიდრე 2005 წლის არჩევნებს წააგებდა.

რამდენიმე კვირაში კი შრიოდერი Nord Stream-ის თავმჯდომარე გახდა. მისი თქმით, ის ამ სამუშაოზე კანცლერის პოსტიდან წასვლის შემდეგ დასთანხმდა და საკრედიტო გარანტიებზე არაფერი იცოდა.

ამ პროექტის გენერალური დირექტორი ვარნიგი 1980-იან წლებში აღმოსავლეთ-ევროპის საიდუმლო პოლიციაში (”შტაზი”) საშინაო დაზვერვის სამმართველოს კაპიტანი გახლდათ. იმ დროს რუსეთის მომავალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ-გერმანულ ბერლინში საბჭოთა უშიშროების კომიტეტის აგენტად მუშაობდა.

მართალია, ვარნიგის ყოფილი კარიერა გარკვეულ ეჭვებს იწვევს ”ცივი ომის” ეპოქაში მის საიდუმლო კავშირებზე, რომლებიც თითქოს ამ პროექტის საფუძველი გახდა, თუმცა თავად იგი აცხადებს, რომ მის აგენტურულ საქმიანობას დღეს რეალიზებად მილსადენის მშენებლობის გეგმასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

სხვა კავშირები კიდევ უფრო მკაფიოდ სჩანს. კომპანია Nord Stream-მა ფინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მაავო ლიპონენს ფული გადაუხადა იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი მას აუცილებელი ლიცენზიების მიღებაში დახმარებოდა. Nord Stream-ის წარმომადგენელი ბრიუსელში საასი თავის დროზე ლიპონენის თანაშემწედ მუშაობდა.

2008 წელს, ”გაზპრომ” -მა იმ დროს იტალიის პრემიერ-მინისტრს რომანო პროდის ”სამხრეთ-ნაკადის” მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელობა შესთავაზა. ამაზე პროდიმ უარი თქვა.

ახლა, როდესაც მილსადენის მშენებლობა თითქოს გარდაუვალია, უკვე დაძრულ მატარებელზე ახტომა ფრანგებმაც გადაწყვიტეს. ისინი კონსორციუმთან მიერთებას საკუთარი კომპანიის Gaz de France-ით ცდილობენ. სხვა შემთხვევაში, ისინი ისეთი აუცილებლობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, როგორიც გაზის გერმანელი შუამავლებისგან ყიდვაა.

ანალიტიკოსების აზრით, ფრანგულ-გერმანული კონკურენცია იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად აძლიერებს მათ ბრძოლას ევროპაში ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებისთვის, რუსებთან ბიზნესის კეთების სანუკვარი ნატვრა.

საბოლოო ჯამში, ევროპული ერთობის მხარდამჭერი მოსაზრებები და აღმოსავლეთ- ევროპელთა შიშები მეორე პლანზე გადადის, ხოლო წინა პლანზე მოდის ღია და უხეში ბრძოლა რესურსებისთვის, რომელშიც მხარეები ნაციონალური და კორპორატიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ.

”ეს თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმია, რომელსაც პოსტ-კომუნისტური რუსეთი ძალიან ოსტატურად იყენებს” - ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი პიერ ნოელი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპულ საბჭოში მეცნიერ-თანამშრომლადაც მუშაობს.

”ეს ღია, კონკურენტული, კაპიტალისტური ეკონომიკაა და ხალხს მილები გაჰყავს იქ, სადაც სურთ მათი გაყვანა” - აღნიშნავს იგი.

ორიგინალი