ოსკარ პარდო სიერა
ზაფხულში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას საქართველოს მასშტაბით ყველა მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა შესთავაზა - დაპირება, რომელიც მან 2004 წელს, ”ვარდების რევოლუცი”-იდან მალევე გასცა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის (თბილისი), სადაც მერი ბრიტანული მოდელის მსგავსად (ლონდონს თუ არ ჩავთვლით) დღემდე ირიბად, ქალაქის საბჭოს მიერ აირჩევა. ცხადია, რომ საქართველოს კონტექსტში დედაქალაქის მთავრობის კონტროლი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივიასააკაშვილი თავად იყო 2002-2003 წლებში თბილისის საკრებულოს (თბილისის მუნიციპალიტეტის საბჭოს) თავმჯდომარე - თანამდებობა, რომელმაც მას 2003 წლის ნოემბრის ე.წ. ”ვარდების რევოლუცი”-ისთვის რესურსების და სოციალური რელევანტობის მობილიზების თვალსაზრისით, ძლიერი პლატფორმა მოუმზადა.
მერების პირდაპირი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება შეიძლება იმ წარუმატებელი საპროტესტო კამპანიის კონტექსტში განვიხილოთ, რომელიც თბილისში ამ წლის აპრილიდან-ივნისამდე იმართებოდა. ის ასევე შეიძლება განხილულ იქნას, როგორც პრეზიდენტის დათმობა იმ ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებიც მმართველ ელიტასთან კომპრომისის გამონახვას ცდილობენ. ამ კონტექსტში 22 სექტემბერს, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სავარაუდოდ 2010 წლის მაისში გაიმართება.
ალასანია სააკაშვილის ყოფილი მოკავშირეა. ის 2008 წლის დეკემბერში გაერო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგა და 2009 წლის დასაწყისში ოპოზიციას შეუერთდა. ის სათავეში ჩაუდგა ”ალიანსს საქართველოსთვის,” სადაც ორი პოლიტიკური პარტია იყო გაერთიანებული და შექმნა ასევე საკუთარი პარტია - ”თავისუფალი დემოკრატები.” ის ცნობილი ოპოზიციური ფიგურა გახდა და საპროტესტო კამპანიის დროს შეინარჩუნა ზომიერი პოზიცია, სადაც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებში გამარჯვება, როგორც სტრატეგიის ნაწილი, აშკარად ისეთი სვლაა, რომელიც ერთგვარად სააკაშვილის ”ვარდების რევოლუცია”-მდელ სტრატეგიას იმეორებს.
შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს იგეგმება. ოპოზიციამ პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მიაღწია - აგვისტოს ომში საქართველოს დამარცხების, მართვის ავტოკრატულ სტილზე არსებული პრეტენზიებისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად. ამ ფონზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი წლის განმავლობაში თბილისის მერის თანამდებობის დაკავება აშკარად სტრატეგიული და გონივრული ნაბიჯია. გარდა ამისა, თბილისი ოპოზიციური ციტადელია, სადაც 2008 წელს სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. ამასთანავე, დემოკრატიული პასუხისმგებლობა დედაქალაქში ჩატარებულ ნებისმიერ საარჩევნო პროცესზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე: თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო დამკვირვებლების და დიპლომატების კონცენტრაციაა. ეს ოპოზიციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის მოსახლეობა სააკაშვილის მიმართ დიდწილად კრიტიკულადაა განწყობილი და მისთვის ხელმისაწვდომია მედია, რომელიც მთავრობის კონტროლს ან გავლენას არ ექვემდებარება. ტელეკომპანიები ”მაესტრო” და ”კავკასია” - დღევანდელი მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი კერძო საკაბელო ტელეარხები - მხოლოდ თბილისში მაუწყებლობენ.
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ სიირთულეებთან არის დაკავშირებული საზოგადოებისთვის ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების ხელმისაწვდომობა ისიც გამოდგება, რომ მაშინ როდესაც ოპოზიციამ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტა და რეგულარულად დემონსტრაციებს და აქციებს მართავდა, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ მასშტაბური იყო, ზოგიერთი რეგიონის მცხოვრებლებს ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი პოტენციური კანდიდატისთვის, დიდწილად სწორედ დედაქალაქის კონტროლი იქნება რეალურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივი.
საბოლოოდ, ირაკლი ალასანიას კანდიდატურამ თბილისის მერის პოსტზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მომავალზე. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა, როგორც სჩანს ოფიციალური კანდიდატისა და ალასანიას საქმე იქნება, რადგან დანარჩენი ოპოზიცია არ აპირებს მთავრობასთან კომპრომისზე წასვლას. იმავდროულად, ალასანიას საკმარისი რესურსი და საერთაშორისო კავშირები აქვს, განსაკუთრებით დასავლეთში. მისი გამარჯვება თბილისში და მისი პოტენციური გამარჯვება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კატასტროფა არც მთავრობისთვის არ იქნება, რადგან იგი უპირატესობას ანიჭებს არაკონფლიქტურ და კომპორმისულ პოზიციას, განსხვავებით სხვა უფრო რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებებისგან. გარდა ამისა, სააკაშვილს კონსტიტუციით მესამე საპრეზიდენტო მანდატისთვის ბრძოლის უფლება არა აქვს.
ამგვარად, თუკი ალასანიას იმიჯს გავითვალისწინებთ, მას შესაძლოა აღმოაჩნდეს უნარი შეინარჩუნოს უწყვეტობა სააკაშვილის რეჟიმს და მომავალ ხელისუფლებას შორის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას სააკაშვილის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობ”-ის მთავარი ლიდერებისთვის ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიების მიცემაც შუძლია იმ პოლიტიკური რეპრესიებისგან დასაცავად, რომელიც მათ ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების და იმ ადამიანთა მხრიდან შეიძლება ემუქრებოდეთ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ზოგიერთი რადიკალური რეფორმისა და ცვლილებების დროს დაზარალდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობი მხოლოდ ის არის, შესძლებს თუ არა ალასანია პოპულარობის საკმარისი ხარისხის მოპოვებას ქართულ საზოგადოებაში.
ორიგინალი