Saturday, October 17, 2009

აფხაზეთი წარმატებას მიაღწევს, როგორც თავისუფალი ქვეყანა და არა როგორც სხვა ქვეყნის მანდატს დაქვემდებარებული ტერიტორია


სერგეი ბაღაფში

ჩემი ქვეყანა აღიარა რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ, ხოლო ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც ჩვენ გვაღიარა, კანონს არღვევს


თქვენ შეიძლება მკითხოთ, რატომ ხდება ისე, რომ მე, ასეთი ოპტიმიზმით და დარწმუნებითაც კი ვსაუბრობ არა მხოლოდ იმაზე, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გარანტირებულია, არამედ იმის თაობაზეც, რომ ჩვენ წარმატებას პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მივაღწევთ. მეტიც, მიმაჩნია, რომ ჩვენ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გვაღიარებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ნება მომეცით აგიხსნათ, რატომ ვარ ასეთი დარწმუნებული ჩვენს მომავალში.

მთავარი, რატომაც მე ამაში ასეთი დარწმუნებული ვარ არის ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის სამართლიანობისკენ, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებაზეა დაფუძნებული. მე მჯერა იმის, რაც მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილ გამოსვლაში განაცხადა - ”ისტორიის თაღი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება.”

ეწინააღმდეგებიან რა ჩვენს გულწრფელ მისწრაფებას თავისუფლებისკენ, საქართველოს ლიდერები ფორმალურად იურიდიული პრეტენზიით გამოდიან, როდესაც ”ტერიტორიული მთლიანობაზე” განცხადებას აკეთებენ. მათი მიდრეკილებები დიდწილად რადიკალურ ნაციონალიზმს და იძულებითი ქორწინების იდეას ეფუძნება, რაც 1931 წელს აფხაზებს თავს მოახვია სტალინმა.

მეორე, ომისა და ბლოკადის მიუხედავად, უკვე 16 წლის განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვარსებობთ. ეს უდიდესი მიღწევაა, რასაც საქართველოს დასავლელი მეგობრები ჯიუტად არ იმჩნევენ.

მესამე, ჩვენ, როგორც ერს მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, გაგვაჩნია რა ძლიერი ეთნიკური თვითმყოფადობა და სოლიდური ეკონომიკური შესაძლებლობები. აფხაზეთის მსუბუქი კლიმატი და შავი ზღვის სანაპიროზე კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, მას ტურიზმისთვის მიმზიდველ ადგილად და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო გზაჯვარედინად აქცევს. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ათასობით სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომელიც ჩვენგან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს.

მეოთხე, ჩვენი ხალხი კვლავ იღიმება. ისინი სამხედრო ფორმებში აღარ დადიან და საკუთარ იარაღს რეგულარულად აღარ წმენდენ. მათ სამგლოვიარო ტანისამოსი აღარ აცვიათ, საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახების მომავლის სჯერათ.

და ბოლოს, ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვიჩნდა, რადგან უიმედობა დასრულდა. ჩვენ იმდენ ხანს მოვიცდით, რამდენიც საჭიროა, ვიდრე მსოფლიო გონს მოვა.

ისტორია გვასწავლის, რომ ისინი ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეწინააღმდეგებიან, მას კონონიერად არასდროს მიიჩნევენ. ეს სიმართლეა აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ომთან დაკავშირებით და ეს სიმართლეა, დღევანდელ აფხაზეთთან დაკავშირებითაც. ვიდრე ჩვენ ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკას ვქმნით, შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკას მცდარ საფუძველზე აგებენ.

ახლახანს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასეთი დასკვნაა, რომ შარშანდელი ომი საქართველომ დაიწყო, ანადგურებდა რა განურჩევლად სამხრეთ-ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკი და მოულოდნელი თავდასხმის დროს, რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დასავლეთის ბევრ წარმომადეგენელს უფრო ჩვენი დამოუკიდებლობის კანონიერება აღელვებს, ვიდრე საქართველოს მუხანათური და უსარგებლო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე.

შესაძლოა ამგვარი შეხედულებების არსებობა გასაკვირი არც არის. ”ცივი ომი”-ს ინტელექტუალებს, რომელთა იდეებიც ვაშინგტონსა და ბრიუსელში დომინირებს, აფხაზეთი და აფხაზები არ ანაღვლებთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ არც ქართველები ანაღვლებთ. ეს ადამიანები ყურადღებას მხოლოდ იმის მიმართ ამჟღავნებენ, თუ რა არის კარგი ან ცუდი რუსეთისთვის, რომელსაც ისინი ვერ იტანენ.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ ეს ინტელექტუალები, ჟურნალისტები და ლიდერები, რომლებზეც ისინი გავლენას ახდენენ, მკაცრად გვაკრიტიკებენ ჩვენ იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ რუსეთისგან ვიღებთ.

ერთმა ჩემმა მეგობარმა იმ რეპლიკის შესახებ მიამბო, რომელიც ცნობილ ამერიკულ ფილმში ”დიდ ძილ”-შია, როდესაც ჰემფრი ბოგარტი ამბობს - ”იცი ის რას მიზამს, როდესაც დაბრუნდება? კბილებს დამამტვრევს, შემდეგ კი ფეხებით შემდგება იმის გამო, რომ ვღმუივარ, რადგან გარკვევით ვეღარ ვლაპარაკობ.” აფხაზეთის დიპლომატიური და ეკონომიკური ბლოკადის ქართული პოლიტიკის მხარდაჭერით, შეერთებული შტატები და ევროპა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩვენ იგივენაირად გვეპყრობა. ისინი ჩვენ არანაირ არჩევანს არ გვიტოვებენ, ხოლო შემდეგ იმისთვის გვაკრიტიკებენ რაც გავაკეთეთ, რათა უბრალოდ თავი გადაგვერჩინა.

როდესაც მსოფლიო თანამეგობრობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენთვის საბანკო კოდი გახდეს ხელმისაწვდომი, რუსეთი სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობს. როდესაც ჩვენ არა გვაქვს საშუალება სარკინიგზო გადაზიდვების საერთაშორისო წესები გამოვიყენოთ, რუსეთი ჩვენი სარკინიგზო გზების მართვაზე გვთანხმდება. როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მძიმედ დაავადებული მოქალაქეები ევროპულ კლინიკებში გავგზავნოთ, ჩვენ მათ მოსკოვში ვგზავნით. როდესაც საქართველო ჩვენ საზღვაო სავაჭრო ბლოკადას გვიწყობს, ჩვენთან პროდუქტი რუსეთის საავტომობილო და სარკინიგზო გზების საშუალებით აღწევს.

ევროპა და შეერთებული შტატები თავიანთ პოლიტიკაში იმ რეალობიდან რომ ამოდიოდნენ, რაც დღეს ჩვენს რეგიონში შეიქმნა და არა ილუზორული ფანტაზიებიდან, რომ ქართველები ოდესმე საკუთარ ”ტერიტორიულ მთლიანობას” აღადგენენ, ისინი აღიარებდნენ კომპორმისების და ჰუმანური ქმედებებისკენ მიმართული დიპლომატიური გზების არსებობას, რაც კავკასიის ყველა ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა, მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.

პირველად მე პრეზიდენტის პოსტზე ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი, გამოვდიოდი რა წინასაარჩევნო რბოლაში პრო-რუსული კანდიდატის წინააღმდეგ, მაგრამ მე წარმოუდგენლად მადლიერი ვარ რუსეთის ჩვენი მხარდაჭერისთვის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, თუმცა სხვა აფხაზების მსგავსად, მე სიხარულით გამოვიყენებდი შესაძლებლობას ამეშენებინა ჩვენი ეკონომიკა სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერით. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და არა ვართ თანახმა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მანდატქვეშ მყოფი ტერიტორიის მომავალზე.

მე მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს და ევროპას შემოგვიერთდნენ წინსვლის მშვიდობიანი გზების ძიებაში. ქართველი ნაციონალისტების და დესპოტების ხელისუფლების ქვეშ დაბრუნებას ჩვენ ვერაფერი გვაიძულებს.

ჩვენ გვჯერა, რომ დროსთან ერთად სამართლიანობა ჩვენს მიმართ მოწყალე იქნება, მაგრამ ეს შესაძლოა გაცილებით სწრაფად მომხდარიყო ბრძნული საერთაშორისო ლიდერობის პირობებში.

სერგეი ბაღაფში - აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. პრეზიდენტად არჩევამდე 2005 წელს ის ენერგეტიკულ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ბაღაფში მეორე საპრეზიდენტო ვადით იყრის კენჭს.

ორიგინალი