ჯერემი ბრენსტენი და კეტლინ მური
ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ადამიანი, რომელსაც ბევრი ჩეხოსლოვაკიის ”ხავერდოვანი რევოლუცი”-ის არქიტექტორად მიიჩნევს ”რადიო თავისუფლება”-სთან ინტერვიუში რუსეთზე, ნატო-ს გაფართოვებასა და იმის შესახებ საუბრობს, თუ რის გაგებას ელის ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან, როდესაც ის ამ კვირაში ჩეხეთს ეწვევა
ცოტა ხნის წინ თქვენ ბევრს საუბრობდით რუსეთზე, იმ შემაშფოთებელ სიგნალებზე, რომლებიც თქვენი აზრით კრემლიდან მოდის. უნდა ეშინოდეს თუ არა მსოფლიოს რუსეთის?
- არ ვფიქრობ, რომ ვინმეს მიმართ შიში უნდა არსებობდეს. პირიქით, ვფიქრობ რომ ისეთი სამყარო უნდა შევქმნათ სადაც ადამიანებს არაფრის შეეშინდებათ.
რა თქმა უნდა, კრემლი სახიფათო სიგნალებს ავლენს. მიმაჩნია და ამას ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ რუსეთთან პარტნიორული ტიპის, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები უნდა დამყარდეს, თუმცა პარტნიორობა გახსნილობას და პატიოსან ურთიერთობებს გულისხმობს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა დავიბრმავოთ და არ ვისაუბროთ იმაზე, რაც არ მოგვწონს, როდესაც საქმე ფუნდამენტური, უნივერსალური და ჩვენი აზრით მორალური იმპერატივების შელახვას ეხება.
რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გათვლა იმაზე, რომ მას ყოველთვის როგორც სნეულს ისე მოეპყრობიან და მის გადაცდომებზე თვალს დახუჭავენ. მის მიმართ იგივე სტანდარტები უნდა იქნას გამოყენებული, რაც სხვა ქვეყნების - ჩინეთის, ჩეხეთის ან ურუგვაის მიმართ.
აპრილში, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩეხეთში იყო, თქვენ მას უთხარით, რომ ადამიანები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. შემდეგ თქვენ პრეზიდენტის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნეთ. გარდა ამისა, ჩვენ ისიც მოვისმინეთ თუ როგორ შეაფასეთ თქვენ ის ფაქტი, რომ ობამამ დალაი-ლამასთან შეხვედრა გადადო. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ იმედები, რომლებსაც თქვენ ობამაზე ამყარებდით, არ გამართლდა?
- ასე ვერ ვიტყოდი. მას შემდეგ რაც ის პრეზიდენტი გახდა ცოტა დრო გავიდა. ბევრი პოლიტიკური ნაბიჯისთვის მას უბრალოდ დრო არ ჰქონდა. ამ მომენტისთვის გრძელვადიანი ამოცანები, რომლებიც მან დაისახა, თითქმის ყველას მოსწონს. ადამიანები მას მხარს უჭერენ, რადგან უკეთესობისკენ მიისწრაფვიან და ეს კარგია.
და მაინც, ჩემი შეხედულებით საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ყურადღების გამახვილება ღირს. როდესაც ობამა აქ იყო, მე მას იმედგაცრუების საფრთხეზე ვესაუბრე. ადამიანები, რომლებიც მასზე ზედმეტად დიდ იმედებს ამყარებენ, შეიძლება გაბრაზდენენ, თუკი ეს იმედები არ გამართლდება. ასე გარდაიქმნება ხოლმე იმედი იმედგაცრუებად.
ეს ჩემი გამოცდილებაა. მე მსგავსი რამ 20 წლის წინ გადავიტანე. ვიფიქრე, რომ ეს სიბრძნე მისთვის, როგორც დამწყები პრეზიდენტისთვის (ვხუმრობ) უნდა გამეზიარებინა. მან გამიგო და მიპასუხა, რომ ამ იმედგაცრუების ნიშნებს უკვე გრძნობს.
რაც შეეხება ღია წერილს, ის სხვებმა დაწერეს, მე მას მხოლოდ ხელი მოვაწერე, ასე რომ მასში არსებულ ფორმულირებებზე მე გავლენას ვერ მოვახდენდი. წერილის მიზანი უყო ისეთი ტიპის კომპორმისების წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილება, როგორებიცაა მშვიდობისა და ჰარმონიისთვის გარკვეულ საკითხებზე თვალის დახუჭვა, გარკვეული საკითხების გაწირვაც კი. ამ საშიში და მცირე კომპრომისების უკან ხშირად კეთილშობილი მოტივები დგას, ისინი ლოგიკურიც კია. ზოგჯერ მათი შემჩნევაც კი რთულია, მაგრამ შემდეგ მათ შეიძლება დიდი კომპრომისები მოჰყვეს. აი რას ვგულისხმობდი და რატომ მოვიყვანე დალაი-ლამას მაგალითი: მნიშვნელოვანია, რომ ეს მცირე, ერთი შეხედვით კეთილი მიზნებით ნაკარნახევი და დამშვიდებისკენ მიმართული კომპრომისები, სინამდვილეში ბოროტების წინაშე მომაკვიდნებელი უკანდახევის საწყისად არ იქცეს.
რას ელით შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პრაღაში ვიზიტისგან?
- მე მას თითქმის ოცი წლის განმავლობაში, როგორც სენატორს ისე ვიცნობდი. იგი არის ადამიანი, რომელსაც მწვავე შეკითხვების დასმა და უსიამოვნო თემებზე პირდაპირი საუბარი შეუძლია. ამას იგრძნობენ ისინი, ვინც მასთან საუბარს აპირებს.
ვფიქრობ, ის რეგიონში ამერიკის ინტერესების ფორმულირებას ახლებურად მოახდენს და მკაფიო მინიშნებას გააკეთებს იმაზე, რომ ამერიკა ჩვენში დაინტერესებულია და ამერიკის თვალთხედვიდან არავის ამოუშლივართ. როგორც სჩანს ის სწორედ ამას იტყვის და იმავდროულად შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას ახსნის. ჩემი აზრით, ცენტრალურ-ევროპაში მისი ვიზიტის არსი სწორედ ამაშია.
თუმცა, ბაიდენის ჩეხეთსა და პოლონეთში ვიზიტს უმრავლესობა რადარზე უარის თქმის შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობად აფასებს. როგორ ფიქრობთ, ამერიკამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება არასწორად ახსნა?
- პირადად ჩემთვის ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა. ანტი-სარაკეტო სისტემაზე საუბარი 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს საუბრობდნენ ”ვარსკვლავურ ომებზე.” კვლევები უკვე 15 თუ 20 მილიარდი დოლარი დაჯდა, ხოლო დავა იმის თაობაზე ეს ტექნოლოგია გამოიყენონ თუ სხვა, როგორ გამოიყენონ ხომ არ არის ეს ყველაფერი ძალიან ძვირი და ღირს თუ არა ამაზე მუშაობა - ეს ჩვეულებრივი ამბავია. როგორც სჩანს ყველა ადმინისტრაცია ამ საკითხს თავისებურად ხედავს, ასე რომ აბსოლუტურად ნორმალურია, რომ არც ობამას ადმინისტრაციაა გამონაკლისი. ეს უშუალოდ ამერიკა-ჩეხეთის ურთიერთობებს არ უკავშირდება.
მე სხვა ასპექტი უფრო მაინტერესებს: ჩეხების კამათი იმაზე, უნდა განთავსდეს თუ არა ალიანსის რადარი ჩეხეთის ტერიტორიაზე. მე ამ დავამ ძალიან დამწყვიტა გული და ის ჩვენზე ცუდად აისახა. თუკი ამერიკელებს ის განცდა აქვთ, რომ ჩვენ რადარზე უარის თქმამ გაგვანაწყენა, ჩემი აზრით ეს დაუსაბუთებელი განცდაა. მეორე მხრივ, მე გავიგებდი თუკი ისინი დეტალურად ამიხსნიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას, თუმცა, პირადად ჩემთვის არაფრის ახსნა არ არის საჭირო - მე ეს სუფთა ტექნიკურ საკითხად მიმაჩნია.
”რადიო თავისუფლება”-სთან თავის ამასწინანდელ ინტერვიუში ისტორიკოსმა ტონი ჯადტმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ”ვაშინგტონზე ოცნება” იყო. მისი თქმით, შეერთებული შტატები არ აპირებს მის დახმარებას და რუსეთისგან მის გადარჩენას, ასე რომ რეგიონის ქვეყნებმა ევროკავშირის გაძლიერებისთვის უნდა იღვაწონ. ასეთ მოსაზრებას როგორ აფასებთ?
- თქვენი მეცნიერი ერთ საკითხში ცდება: ჩვენ, რომ ჯერ ნატო-ში არ გავწევრიანებულიყავით, ევროკავშირის გაფართოვებაზე და მის შემადგენლობაში ახალი წევრების შეყვანაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ძირითად პრობლემას სწორედ ეს - რეგიონის უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენდა. მას ალიანსი უზრუნველყოფს, განსაკუთრებით კი ამერიკელები. ევროკავშირის გაფართოვება ნატო-ს გაფართოვების შემდეგ მოხდა, ასე რომ ევროკავშირს გარანტიების შექმნა არ მოუხდა, ამით სხვა სტრუქტურა იყო დაკავებული.
მე ამაზე გული არ მწყდება. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ არასწორია იმაზე ფიქრი, თითქოს უსაფრთხოების ევროპული და ამერიკული გარანტიები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ევროპასა და ევროკავშირში მყარად დამკვიდრებას ჩვენ მხოლოდ ამერიკასთან ალიანსის წყალობით შევძლებთ.
წელს კონფერენციაზე ”ფორუმი 2000” თქვენ თქვით, რომ ისეთ განცხადებებზე, როგორიცაა, რომ ჩვენ ნავთობს ვერ მივიღებთ თუკი ღიად ვისაუბრებთ პოლიტიკურ პატიმრებზე, მხოლოდ ერთი სწორი პასუხია: ”დაიტოვეთ თქვენი ნავთობი თქვენთვის.” ბევრმა ასეთი მიდგომა რეალურად არ მიიჩნია.
- ეს ერთგვარი ჰიპერბოლა იყო ტიმოთი გარტინ ეშის სტილში. მე იმის თქმა მსურდა, რომ მათხოვრებივით არ უნდა ვიქცეოდეთ. ზოგჯერ ღირსება უნდა გამოვავლინოთ და ვაჩვენოთ, რომ რამდენიმე დღე ნავთობის გარეშე გავძლებთ. მათ ექსპორტზე უარის თქმა არ შეუძლიათ, რადგან ნედლეული მათი მშპ-ს საფუძველია და თუკი ისინი ჩვენი სიმტკიცის მოსინჯვისას დაინახავენ, რომ პარტნიორი მორიგი არჩევნების შედეგზე თვალს არ დახუჭავს და გარკვეული პრინციპების დაცვა შეუძლია, მათ შესაძლოა ასეთ მუქარებს აღარ მიმართონ.
და ბოლო შეკითხვა, რომელიც ხშირად გესმით. თქვენ ის გაზაფხულზე ”რადიო თავისუფლება”-ში სტუმრობის დროსაც დაგისვეს. მაინც, ხომ არ შეგიძლიათ ცალსახად სთქვათ: თქვენი აზრით, საქართველო და უკრაინა ნატო-ში უნდა გაწევრიანდენენ?
- მე ყოველთვის ვამბობდი: იმისთვის რომ ნატო-მ კარგად იმუშაოს, მან უნდა იცოდეს ის სად იწყება და სად მთავრდება და როგორია მისი გავლენის არეალი. სხვათაშორის, იგივე ეხება ევროკავშირსაც. ამ ორგანიზაციებისთვის ეს არეალი პირველ რიგში ღირებულებებით და გეოგრაფიით განისაზღვრება. რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, რომ ნატო-ს და ევროკავშირის საზღვრები რუსეთის საზღვრის გასწვრივ გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელორუსი დასავლური ცივილიზაციის სფეროს განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიქტატურა დამყარდა. ეს რა თქმა უნდა, ხანგრძლივი განვითარების და ნების საკითხია - ამა თუ იმ ალიანსში გაწევრიანება, რა თქმა უნდა პირველ რიგში თავად საზოგადოების გადასაწყვეტია და მაინც გეოგრაფიის თვალსაზრისით უკრაინა და ბელორუსი ამ სფეროს განეკუთვნება, საქართველო კი მისი საზღვრის კიდეა. აქ თურქეთიც უნდა გავიხსენოთ, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც ნატო-ს წევრია.
შესაძლებელია საქართველოს მიღებაც სამართლიანი იყოს, თუმცა მეორე მხრივ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს მომავლისთვის უკეთესი იქნება თუ ის ადგილზე მყარად დამაგრდება და განამტკიცებს კავშირებს უშუალო მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ასე შემდეგ, მით უფრო რომ რეგიონის ყველა ყოფილ კონფლიქტში მეზობელი ქვეყნები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, საქართველოს ძირითადი ინტერესი სწორედ ამ სფეროშია.
თუმცა მე არ ვამბობ, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებს არა აქვთ უფლება გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღონ.
ორიგინალი