Saturday, October 17, 2009

დიალოგი საქართველოზე მუშაობს



პიერ მორელი

ჟენევაში ქართული კონფლიქტის ყველა მონაწილე მხარე ჩართულია და წინ მიიწევს. მათ ლაპარაკი უნდა განაგრძონ.

2008 წლის 15 ოქტომბერს 12 აგვისტოს იმ საზავო შეთანხმების თანახმად, რომელიც ევროკავშირის იმდროინდელი ხელმძღვანელი ქვეყნის, საფრანგეთის შუამავლობით დაიდო და რომლის მეშვეობითაც საქართველოში დამთავრდა ხუთდღიანი ომი, ჟენევაში ”საერთაშორისო მოლაპარაკებებს” ჩაეყარა საფუძველი
ამ მოვლენის მიჯნაზე, გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ჟენევაში შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ ამ ინსტიტუტების ვალდებულება, რომლის თანახმადაც ისინი ამ მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარის როლს შეასრულებდნენ.

სესიაზე სამოქმედო ჩარჩო ოფიციალურად იქნა მიღებული, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველო, რუსეთი და აშშ. ამან ორი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა შექმნა: ერთი რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე მუშაობს და მეორე იძულებით გადაადგილებულ და ლტოლვილთა პრობლემებზე. სამუშაო ჯგუფებში მოლაპარაკებები 15 ოქტომბერს დაიწყო და მათში ასევე ჩართულები იყვნენ მონაწილეები აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან.

წლის განმავლობაში ჟენევის დისკუსიების ფარგლებში 7 სესია ჩატარდა, მაგრამ სადა ვართ ახლა?

მიუხედავად იმისა, რომ 26 აგვისტოს სულ რაღაც ორ კვირაში საომარი დაპირისპირების დასრულების შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც შეურიგებელი უთანხმოება წარმოქმნა, პოსტ-კონფლიქტურ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებულ რეგულარულ დიალოგს საფუძველი მაინც ჩაეყარა.

არსებული უთანხმოების მიუხედავად, უთანხმოებისა რომელმაც ძალიან სავალალო შედეგი გამოიღო - საქართველოში ეუთო-სა (22 დეკემბერი 2009) და გაერო-ს მისიების გაუქმება (15 ივნისი 2009) - ორივე ჯგუფის მუშაობა წინ მიიწევს.

მოცემული მომენტისთვის, ჟენევის დისკუსიების მთავარი შედეგი 2009 წლის 18 თებერვალს ”ინციდენტის პრევენციისა და საპასუხო რეაგირების” ორმაგი მექანიზმის შექმნაა, რაც შესაბამისად აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის სივრცეში უსაფრთხოების, მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნების საკითხებზე ყველა პასუხისმგებელი აქტორის რეგულარული შეხვედრების შესაძლებლობას ქმნის. ეს სისტემა ”ცხელი ხაზის” ყველა მხარეს შორის მუდმივი საკომუნიკაციო არხის დაფუძნებით შეივსო. ამას წინათ ორივე მექანიზმმა დაასრულა თავისი მეხუთე და მეექვსე რაუნდი. კომუნიკაცია ხანდახან რთულად მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადასტურდა ამ მექნიზმების სარგებლიანობა და ყველა მხარემ გამოძებნა საკუთარი ინტერესი მიმდინარე დისკუსიებში.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, აქ პრობლემები უზარმაზარია. დახმარების მისაწვდომობა ისე, როგორც ეს საერთაშორისო სამართლითაა დაწესებული, უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ჩემთვის უდიდესი წუხილის საგანია ის, რომ ერთდროულად, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სამხრეთ-ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეტანასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ჯერ ვერ მოხერხდა. შეთანხმებული გეგმა ახლა მუშავდება, რათა შემოდგომიდან მისი განხორციელება დაიწყოს.

სამი თანათავმჯდომარის არაერთმა საველე ვიზიტმა, კონკრეტულად სოხუმსა და ცხინვალში, შედეგად გამოიღო საერთო უსაფრთხოების განმტკიცებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების საშუალებათა მუდმივი გადაფასება.

დიალოგის ეს კონკრეტული ჩარჩო, რომელიც ვითარების შემსუბუქებასა და ცხოვრების ნორმალური რიტმის უსწრაფეს აღდგენას ეხება, ნამდვილად მყიფე და არასაკმარისია. მაგრამ ეს ის პროცესია, რომელსაც ყველა მონაწილე მხარე აცნობიერებს და იყენებს. თუ იმ მძაფრს ემოციებს გავითვალისწინებთ, რაც გასული წლის ომს მოჰყვა, ესეც არ არის პატარა მიღწევა.

ჟენევის მოლაპარაკებები ახლა მეორე ფაზაში შედის. ამ ფაზის მიზანი უფრო სრულყოფილი უსაფრთხეობის რეჟიმისა და ჰუმანიტარული დაცვის სტრუქტურის შექმნაა, რამაც რეგიონალური უსაფრთხოებაც უნდა განამტკიცოს. ეს მიმდინარე მოლაპარაკებების სრულიად ცხადი მიზანია, რომელიც ”ძალის გამოუყენებლობის ჩარჩო ხელშეკრულების საბაზისო ელემენტებს” ეხება და რომელიც 2009 წლის 11 ნოემბერს ჟენევის მოლაპარაკებათა მერვე სესიაზე განიხილება.

რახან სტაბილური უსაფრთხოების გარემო და ჰუმანიტარული პრობლემების მოწესრიგების გეგმა შეიქმნა, აუცილებლად უნდა მოგვარდეს უფრო სენსიტიური საკითხებიც: მიუხედავად ფუნდამენტური უთანხმოებისა, რომლის წაშლაც ადვილი არ იქნება, ყოფილ მტრებს შორის როგორ მივაღწიოთ პირდაპირ ურთიერთობას? რა მოვუხერხოთ ისეთ კომპლექსურ საკითხს, როგორიცაა ინდივიდთა კანონიერი სტატუსი სხვადასხვა წარმონაქმნებში? როგორ შევამსუბუქოთ აუცილებელი კონტაქტები ისე, რომ უკეთესი გახდეს ყოველდღიური ცხოვრება? მიუხედავად იმისა, რომ ყოველი საერთაშორისო სიტუაცია უნიკალურია, თანამედროვე ისტორია ამგვარ საკითხებთან პრაგმატული მიდგომის უამრავ მაგალითს გვთავაზობს, ისეთებს რომლებმაც თავის დროზე მოახდინეს მნიშვნელოვანი გარღვევა.

პოლიტიკურ პროცესი დაწყებულია. მეთოდები განისაზღვრა და მიღებულ იქნა ყველა მხარის მონაწილეობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, თავიდან ბოლომდე, საკითხიდან-საკითხამდე. გარკვეული გამოცდილებაც უკვე მიღებულია.

ჟენევა დღეს იმ ერთადერთ საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს, რომელშიც ყველა მხარეა ჩართული.

მხარეებმა მუდმივი კავშირი უნდა შეინარჩუნონ. სწორედ ეს წარმოადგენს თანათავმჯდომარეების შეშფოთების უმთავრეს საგანს, მაგრამ აუცილებელია ყველა მხარის ვალდებულების შენარჩუნება. მართალია, ნდობა ყოფილ მეომარ მხარეებს შორის ჯერ არ აღდგენილა, მაგრამ ჟენევაში თითოეულმა მათგანმა უკლებლივ ჩვენი საერთო საქმის წინ წასაწევად თავისი წვლილი შეიტანა და შესაბამისად პირველი ნაბიჯიც გადადგა რაციონალური დიალოგისკენ და ამ დიალოგის მეშვეობით მდგრადი უსაფრთხოებისკენ.

12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები არ არის სრულად შესრულებული. ყურადღებას ითხოვს რამდენიმე შემაშფოთებელი მომენტი: სამხედრო ძალების კონცენტრაცია, გაფრთხილებები და მუქარა, ისევე როგორც გაუმართლებელი და მუდმივი შეფერხებები ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს პრობლემები მხარეებს შორის დეტალურად განიხილება.

დიალოგის საკონსულტაციო მექანიზმების ღიად გამოყენება, ისევე როგორც უსაფრთხოების ზომები, მშვიდობიანი გარემოს რეკონსტრუირების საუკეთესო საშუალებად გვევლინებიან. ტალიავინის ანგარიშმა ის შეგვახსენა, თუ რა შედეგი მოჰყვება ამ ინსტრუმენტების უარყოფას და პროვოკაციების ინტენსიფიკაციას. სწორედ ამან მიიყვანა სიტუაცია გასული აგვისტოს კონფლიქტამდე - მოვლენათა თანმიმდევრობამ, რომელთა პრევენციაც შესაძლებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ გამქრალან, საბედნიეროდ კონფლიქტურ ზონებში ინციდენტთა რაოდენობამ იკლო, რასაც განსაკუთრებულად ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიას უნდა ვუმადლოდეთ, მაგრამ ამავე დროს, კვლავინდებურად აუცილებელია პრევენციულ ქმედებათა ინტენსიფიკაცია, რათა გადაწყდეს ძველი პრობლემები და მოსახლეობის მოლოდინიც გამართლდეს.

ვნებები ჯერ არ ჩამცხრალა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. თავზე არაფრის მოხვევა არ შეიძლება, მაგრამ სიცოცხლე ძლიერია, ხოლო ეკონომიკური კრიზისი კომპრომისის აუცილებლობაზე შეგვახსენებს. მხოლოდ ფოკუსირებული შრომა, მოთმინება და მიზანდასახულობა შექმნის გამოსავლისკენ სვლის შესაძლებლობას.

ომის შემდეგ ერთი წელი გავიდა და უკან გახედვის დრო დადგა. თავისი მდიდარი, ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში სამხრეთ-კავკასია უამრავ განსაცდელს გამკლავებია: ის ისევ სენსიტიურ რეგიონად რჩება და ისევ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ცივილიზაციათა და კონტინენტთა შორის ურთიერთობებში. ჟენევაში, მიმდინარე მოლაპარაკებებში, არავითარი ძალა არ უნდა დავიშუროთ იმისთვის, რომ რეგიონს ბუნებრივი როლი დაუბრუნდეს, გზაჯვარედინის და გაცვლის ადგილის როლი.