Sunday, November 1, 2009

მეგობრებო,

გვერდი ამუშავდა. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ძველ მისამართს: http://foreignpress.ge/. ბოდიშს გიხდით ამდენი შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება.
პატივისცემით,
foreignpress.ge Click Here to Read More..

რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ურთიერთობებში წარსული ბევრს ნიშნავს


მოსკოვი - ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ორი ათეული წელი გავიდა, მაგრამ რუსეთსა და ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება, ხოლო მოსკოვი ურთიერთობათა გაუმჯობესების დაბლოკვაში ევროპის კავშირს ადანაშაულებს.

”ეს ურთიერთობები ორივე მხარისთვის მოგონებებითაა დაღდასმული და ამის მოგვარება მალე ვერ მოხერხდება” - ამბობს მარია ლიპმანი, მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტი.
”აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კომუნისტური ტყვეობის შემდეგ თავის ახალ იდენტობას ევროპაში დაბრუნებით აყალიბებენ. რუსეთი კი, თავის მხრივ, სუპერსახელმწიფოს სტატუსის დაკარგვის პერიოდს გადის” - განაცხადა ლიპმანმა.

რუსულ საზოგადოებას არ განუხორციელებია ის ძალისხმევა მეხსიერებაზე, რომლითაც საბჭოთა წარსულს შეურიგებოდა, ამბობს დენის ვოლკოვი, დამოუკიდებელი ცენტრის Levada-ს სოციოლოგი.
ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომის ნებისმიერ ალტერნატიულ ისტორიულ ინტერპრეტაციას არ იღებს და უარს ამბობს კატინში, 1940 წელს სტალინის ბრძანებით, მასობრივად მოკლული პოლონელი ოფიცრების საქმის გამოძიებაზე.
ეს განაწყენება ორმხრივი კავშირებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მოსკოვს ევროპის კავშირთან ურთიერთობათა გაუმჯობესებას ურთულებს, მით უფრო, რომ ევროკავშირის წევრებს შორის არიან აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოთა უმეტესობა.
რუსეთისა და ევროპის კავშირის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პარტნიორულ შეთანხმებაზე ორი წლის მანძილზე იბლოკებოდა რუსეთის მიერ პოლნური ხორცის იმპორტის აკრძალვის გამო.
ახალმა გეოპოლიტიკურმა გარემოებებმა ისეთებმა, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანება ნატოში, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის თანხმობა აშშ-ს სარაკეტო ფარის ელემენტების განთავსებაზე საკუთარ ტერიტორიაზე, მოსკოვი, რომელიც ამაში ვაშინგტონის გავლენას ადანაშაულებდა, განარისხა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩრდილო ნაკადის, იმ გაზსადენის ოპონონეტთა ავანგარდში არიან, რომელმაც რუსეთი ბალტიის ზღვის მეშვეობით გერმანიას უნდა დაუკავშიროს. მათი აზრით, მოსკოვი ამ პროექტით მათთვის გვერდის ავლას ცდილობს.
გარდა ამისა, ეს ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინისა და საქართველოს პრო-დასავლურ რეჟიმებს, არადა მოსკოვი ამ სივრცეს, იმ რეგიონად განიხილავს, სადაც მეტად, თუ ნაკლებად თავისი გავლენა უნდა შეინარჩუნოს.

”რუსეთს არ სჯერა საბჭოთა კავშირის ყოფილი სატელიტების დამოუკიდებლობის და მიჩანია, რომ თუ ისინი ახლა ჩვენზე არ არიან დამოკიდებულნი, ე.ი. ვიღაც სხვაზე არიან” - ამბობს ვოლკოვი.

ამ მტრობას, მიმართულს ”მოღალატეთა” და ვაშინგტონის მიერ დაქირავებულ ძალთა წინააღმდეგ, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედიაც ავრცელებს და მას იზიარებს საზოგადოებაც, რომელიც საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელ ანტი-ამერიკულ ლოზუნგებს მიჩვეულია, დასძენს ვოლკოვი.

ვლადიმერ კუმაჩოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი ამ მსოფლმხედვას იცავს.

”იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს ემსახუროს, ახალი ევროპა რუსეთთან კონფრონტაციაში შედის” - ამბობს ის. ”ვაშინგტონს არ სურს რუსეთის დაახლოება ევროპის კავშირთან, რადგან ეს ევროპას ამერიკისგან უფრო დამოუკიდებელს გახდის”.

”პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ენერგეტიკული პროექტების საბოტირებას ახდენენ, თავის ქვეყნებში რუსული ბიზნესის შეღწევას წინააღმდეგობას უწევენ და ამით აზარალებენ საწარმოებს, რომელთა გადარჩენა რუსეთს შეეძლო” - ჩივის ის.

რაც შეეხება უფრო მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს ისეთებს, როგორიცაა სერბეთი, ანალიტიკოსები მზარდ კონტაქტებს, ენერგეტიკულ სექტორში არსებული ორმხრივი ინტერესებით ხსნიან.

საქართველოსთან კონფლიქტმა დაადასტურა, რომ ”რუსეთს მოკავშირეები არა ყავს”, ამბობს ლიპმანი. ბელორუსიამაც კი, რუსეთთან ყველაზე დაახლოებულმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ აღიარა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა, ამბობს ის.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Saturday, October 31, 2009

თურქეთს თეირანთან ფლირტი აქვს



სარედაქციო წერილი

ნატო-ს ერთადერთი მუსულმანური ქვეყანა ირანთან ვაჭრობის გაფართოვებით დასავლეთის იმ ძალისხმევას უთხრის ძირს, რომელიც ირანს ბირთვულ იარაღს არიდებს

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა შეიძლება ის კანონი მიიღოს, რომელიც უცხოურ კომპანიებს ირანისთვის ნავთობის მიყიდვის გამო დასჯის, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ბირთვული მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდის ჩაშლის შემთხვევაში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადება, ირანელი ლიდერები ამ კვირას ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ, რადგან ისინი ახლო-აღმოსავლეთის საკვანძო სახელმწიფოსთან ვაჭრობის გასამმაგებას გეგმავენ.

მაშ რომელია ის ყალთაბანდი ქვეყანა, რომელიც დასავლეთის ძალისხმევას არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღება, ძირს უთხრის? სირია, ან იქნებ არაპროგნოზირებადი საუდის არაბეთი? სინამდვილეში ეს თურქეთია, ნატო-ს წევრი, პერსპექტივაში ევროპის კავშირისაც და შეერთებული შტატების სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი მუსულმანი მოკავშირე.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ოთხშაბათს გამოამზეურა გეგმა, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა დღეს არსებული დონიდან, რაც $7 მილიარდს უტოლდება, 2011 წლისთვის $20 მილიარდამდე გაიზრდება. როგორც იტყობინებიან, თურქეთი და ირანი ელექტროსადგურების, ბანკების და ბუნებრივი აირის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ, რაც ირანს იმ ეკონომიკურ ტკივილს შეუმსუბუქებს, რომელიც შეიძლება გაერთიანებული ერების მიერ დაწესებულ მკაცრ სანქციებს გამოეწვია. ამ შეთანხმებამ ცეცხლი შეუნთო შფოთს იმის თაობაზე, რომ თურქეთი, დემოკრატიული მუსულმანური ქვეყნის მოდელი, ევროპასა და არაბულ სამყაროს შორის სასიცოცხლო ხიდს, ზურგს აქცევს დასავლეთს და აღმოსავლურ ისლამისტურ რეჟიმებს იხუტებს გულში.

ზოგიერთი ამ შიშთაგან, ალბათ გაზვიადებულია. ამ ვითარებაში დიდი წვლილი თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობების გაუარესებამაც შეიტანა. ეს ურთიერთობები, ერთ დროს ნელ-თბილი, 2008 წლის ღაზაში შეჭრის შემდეგ ერთიანად გაცივდა, მაგრამ ეს მხოლოდ ახლო-აღმოსავლეთის პოლიტიკაა, მაშინ ერდოღანი ღაზასთან დაკავშირებულ აღშფოთებას ირეკლავდა და ისრაელზე თავდასხმით შინ თავის სტატუსს განამტკიცებდა. ცოტაა იმის შანსი, რომ თურქეთი ისრაელთან ურთიერთობების შეწყვეტით საფრთხეს შეუქნის თავის კავშირებს შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან.

მაგრამ თეირანტან ანკარას მზარდი ურთიერთობა შემაშფოთებელია. ამაში ბრალი ნაწილობრივ ისეთ ევროპელ ლიდერებს მიუძღვით, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომლის წინააღმდეგობაც ევროპის კავშირში თურქეთის გაწევრიანებისადმი, თურქეთში ანტი-დასავლური განწყობების გამწვავების მიზეზი გახდა. კიდევ ერთი ფაქტორი ქვეყნის ახლად აღმოჩენილი თვითდარწმუნებაა. მისმა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა მნიშვნელოვნებამ თურქეთი ისეთ პოზიციაში ჩააყენა, როდესაც მას შეუძლია დიდი ხნის ნანატრი სურვილი აისრულოს და მსოფლიო დიპლომატიურ არენაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცეს. ირანთან ფლირტი ის გზაა, რომლის მეშვეობითაც თურქეთს გლობალური ძალაუფლების მფლობელთაგან მისი დამოუკიდებლობის დემონსტრირების საშუალება ეძლევა.

ეს თვითდარწმუნება, ალბათ ყველაზე სრულად 7 დეკემბერს გაცხადდება, მაშინ როდესაც ერდოღანი ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამასთან სტუმრად ჩავა. მისგან შემტევ პოზიციას ელიან, მაგრამ ობამამაც პატარა გაკვეთილი უნდა ჩაატაროს. ბირთვული ირანი თურქეთის ინტერესებში არ არის და ერდოღანის არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ თეირანი მხოლოდ ენერგეტიკული პროგრამითაა დაინტერესებული ან სასაცილომდე მიამიტურია, ან სახიფათოდ ცინიკური.

ორიგინალი
Click Here to Read More..

გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი რუსეთს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ადანაშაულებს



დუგლას ბირჩი, ელეინ ენგელერი

მოსკოვი - რუსეთის ჩრდილო-კავკასიის რეგიონიდან დაწყებული მოსკოვის ქუჩებით დამთავრებული, ისინი ვისაც ხელისუფლებასთან უთანხმოება აქვს, შეიძლება სასიკვდილო ძალადობის ობიექტად იქცნენ, ამიტომ სულ უფრო ხშირად ხდება ისე, რომ ზოგიერთი უფრო უხმაუროდ არჩევს მუშაობას, ხოლო ზოგიერთი საერთოდ უარს ამბობს ყველა თავის ძალისხმევაზე


პარასკევს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის ახალი ანგარიში რუსეთს ფართო საკანონმდებლო რეფორმებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა ზოგიერთი, ყველაზე საბაზისო უფლების უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა სამართლიანი სასამართლო, სიტყვისა და პრესის თავისუფლება.

ამავე დროს მკვლელობათა მთელმა ნაკადმა რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია ”მემორიალი” და გაზეთი ”ნოვაია გაზეტა” აიძულა, რუსული რეგიონი, ჩეჩნეთი დაეტოვებინა. ”ახალგაზრდები ახლა კარგად დაფიქრდებიან, სანამ უფლებადაცვით ჯგუფებში ნებაყოფლობით დაიწყებენ თანამშრომლობას” - ამბობს ლევ პონომარიოვი, ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი.

”მიმდინარეობს უფლებადაცვითი მოძრაობის მარგინალიზაცია” - აცხადებს პონომარიოვი.

”აქტივისტების გადინება იმ დროს დაემთხვა, როდესაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაბეჯითებით ლაპარაკობდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიულ თავისუფლებათა დაცვაზე, მაგრამ მისი ოპონენტების განცხადებით, მან ძალიან ცოტა რამ გააკეთა თავისი რიტორიკის მხარდასაჭერად”.

პარასკევის გაერო-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ვერ იცავს ჟურნალისტებს, აქტივისტებს, პატიმრებს და სხვა ჯგუფებს მათი უფლებების შელახვისგან, მკვლელობებისა და წამებისგან.

ანგარიშის ავტორები, 18 დამოუკიდებელი ექსპერტი კრემლსა და პარლამენტს ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას სთხოვს, მათ შორის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მოქმედი ფართო დეფინიციის დაკონკრეტებას, ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული დეფამაციის საქმეების დეკრიმინალიზაციას და სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ კლინიკებში იძულებით მოთავსებული ადამიანებისთვის აპელაციის შეტანის უფლების მინიჭებას.

დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ ანგარიში არ უნახავს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ანგარიშის ყველაზე მკაცრი კრიტიკა მაინც ჩეჩნეთში და ჩრდილო-კავკასიის სხვა რეგიონებში მოქმედი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ჯგუფმა ამ რეგიონში წამების, იძულებითი გაუჩინარების, უკანონო დაპატიმრებების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღსრულებული მკვლელობების შესახებ ცნობები დაიმოწმა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ქმედებებს, სავარაუდოდ სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურები ახორციელებენ, ხოლო ”დამნაშავეები, როგორც სჩანს, მათ მიერ ჩადენილ ქმედებების მიუხედავად ფართოდ სარგებლობენ დაუსჯელობით”.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში არ არის მოყვანილი კონკრეტული შემთხვევები და სტატისტიკა, მასში ნახსენებია ბევრი ჟურნალისტის და უფლედამცველი აქტივისტის მკვლელობის ფაქტი, მათ შორისაა 2006 წელს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაც. ანა პოლიტკოვსკაია, კრემლის მოწინააღმდეგე, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებსა და კორუფციას ამხელდა.

წელს ივლისში, ნატალია ესტემიროვა, რომელიც ხანდახან პოლიტკოვსკაიას გამოცემაში ”ნოვაია გაზეტა”-ში იბეჭდებოდა, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავისი საცხოვრებელ სახლთან ოთხმა კაცმა გაიტაცა. მოგვიანებით, მისი ტყვიით დაცხრილული ცხედარი მინდორში იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით არავინ დაუპატიმრებიათ.

ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ ”ნოვაია გაზეტა” ფიქრობს, რომ არა აქვს უფლება ჩეჩნეთში მივლინებით, ვინმე ასეთი რისკის ქვეშ დააყენოს, ამას წინათ ჟურნალისტებს განუცხადა გაზეთის რედაქტორის მოადგილემ სერგეი სოკოლოვმა.

ამავე დროს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და PEN American ცენტრმა, ხუთშაბათს მედვედევს წერილით მიმართა და მას ესტემიროვას მკვლელობაში დამნაშავე პირების გასამართლება მოსთხოვა.

წერილში ნათქვამია, რომ ესტემიროვამ ”თავი მოუყარა ბევრ დასაგმობ შემთხვევას, რომლებიც ჩეჩენ ხელისუფალთა, კონკრეტულად კი ადგილობრივი პრეზიდენტის რამზან კადიროვის შეიარაღებული რაზმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უკავშირდება”. ანგარიშში ნათქვამია, რომ ესტემიროვა 2000 წლის შემდეგ რუსეთსი მე-18 ჟურნალისტია, რომელიც ”უშუალოდ მათ მიერ გაწეული საქმიანობის საპასუხოდ” მოკლეს. აქვეა ნათქვამი, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, ისინი ვინც მკვლელობის განკარგულება გასცა, გაექცა მართლმსაჯულებას.

ჩრდილო-კავკასიის გარეთ, დანარჩენ რუსეთში ჟურნალისტებისა და აქტივისტების მკვლელობათა ფაქტების რაოდენობა ნაკლებია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი. ”ვეტერან უფლებადამცველ აქტივისტთა უმეტესობა ისევ მუშაობს” - ამბობს პონომარიოვი, მაგრამ ძალადობის შიშმა ბევრ ახალგაზრდა ვოლონტიორს აიძულა წასულიყო, არადა ოდესღაც ისინი ხელს უწყობდნენ მოძრაობის განვითარებას.

”ჩვენ ვერ ვზრდით მოხალისეთა რაოდენობას, რადგან მშობლებმა შეიძლება ამ ახალგაზრდა ადამიანებს უთხრან - ეს საშიშია, არ გააკეთო” - ამბობს პონომარიოვი.

მწერალი და ჟურნალისტი იულია ლატინინა ამბობს, რომ ბოლოდროინდელი მკვლელობები უფლებადაცვითი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის ”მართლაც კატასტროფული იყო”, მაგრამ მისი თქმით, ძალადობრივ შემთხვევებში არ იყო სწორი კრიმინალური ბანდებისა და ძლევამოსილი რეგიონალური პოლიტიკოსების ნაცვლად, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლიდან გამოსულები არიან, რუსეთის ფედერალური მთავრობის თანამონაწილეობაზე ეჭვის მიტანა.

”მკვლელობათა ნაკადს თავისთავად არაფერი აკავშირებს სახელმწიფოსთან, მაგრამ საქმე იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც შეიძლება გაექცნენ მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას”.
ლატინინას მაგალითად ჟურნალისტისა და აქტივისტის მაქშარიფ აუშევის სულ ბოლოდროინდელი მკვლელობა მოჰყავს, რომელსაც ინგუშეთის, ძალადობით დაღდასმული რუსული რეგიონის დღევანდელ პრეზიდენტთან ახლო კავშირები ჰქონდა. კავკასიის მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე მანქანით მიმავალი აუშევი მეორე მანქანიდანჩაცხრილეს.

ლატინინას თქმით ის სატელევიზიო გამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკლეს. რუსეთის ტელევიზიით ამ გამოსვლისას ის ინგუშეთის წარსულ ადმინისრაციას კორუფციაში სდებდა ბრალს და ლატინინას ეჭვით, სწორედ ეს შენიშვნები შეიძლება გამხდარიყო მისი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი.

გაერო-ს ანგარიშს მხოლოდ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე არ შეუჩერებია ყურადღება. ჯგუფი რუსეთს, საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამხრეთ-ოსეთში მშვიდობიან მოქალაქეებზე შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების თავდასხმების გამოც აკისრებს პასუხისმგებლობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს შეეძლო ამ თავდასხმების შეჩერება და მოსკოვს მოსთხოვა გამოძიება.

ანგარიში მთავრობას მოუწოდებს, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულების და რასობრივად მოტივირებული თავდასხმების გამოც მიიღოს კონკრეტული ზომები.

ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ლესბოსელებზე, ჰომოსექსუალებსა და ბისექსუალებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, არსებობს ინფორმაცია, რომ მათ დევნაში პოლიციაც მონაწილეობს. ანგარიში შეშფოთებას გამოსთქვამს რუსეთში ”სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სხვადასხვა პირთა სისტემატური დისკრიმინაციის გამო”.

1990-იანი წლებიდან რუსეთში ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებულია, მაგრამ ბევრი რუსი მთელი ძალით უპირისპირდება ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველ დემონსტრაციებს. მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის ცნობილი მტერია და ყოველთვის ბლოკავს დედაქალაქში გეი-მარშების ჩატარების მცდელობას.

გაერო-ს საექსპერტო ჯგუფმა ხუთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში შეაფასა ის, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყანაში არსებული ვითარება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებას. ჯგუფმა ინფორმაცია გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიიღო.

ორიგინალი
Click Here to Read More..

სამხრეთ-ოსეთმა 21 ქართველი გაათავისუფლა



საქართველომ განაცხადა, რომ პრო-რუსულმა სეპარატისტულმა რეგიონმა სამხრეთ-ოსეთმა ამ კვირის დასაწყისში სადაო სასაზღვრო ზონაში დაპატიმრებული 21 ქართველი გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ დაპატიმრებული 16 ადამიანი პარასკევს გაათავისუფლეს, ხოლო სამხრეთ-ოსეთის მილიციის მიერ დაპატიმრებული 5 მამაკაცი ხუთშაბათს ღამით გამოუშვეს ციხიდან.

21 ქართველი ორშაბათს იყვნენ აყვანილები. ქართული მხარე აცხადებს, რომ ისინი შეშის შეგროვებისას გაიტაცეს.

სამხრეთ-ოსეთი კი ამბობს, რომ ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც უკანონოდ გადალახეს საზღვარი და შეშასაც უკანონოდ ჭრიდნენ.

რუსეთსა და საქართველოს შორის გასული წლის ხანმოკლე ომი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სამხრეთ-ოსეთმა საზღვრებთან იმ ტერიტორიებზე დააწესა კონტროლი, რომელსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Friday, October 30, 2009

რუსეთი ინტერნეტ შეტევაზე გადადის


ანა დუნინი

მართალია, რუსი ჰაკერების მასშტაბური შეტევები ცენტრალური და აღმოსავლეთ- ევროპის სახელმწიფო ორგანიზაციებზე (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია) ძალიან იშვიათია, თუმცა მათი ბოლოდროინდელი გააქტიურება იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს მომავალში უსაფრთხოების თვალსაზრისით მათ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ


სექტემბრის კიბერ-თავდასხმა პოლონეთზე, რომელსაც რუსეთთან კონფლიქტი აქვს, ამ ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი გამოხტომა იყო. ამას წინ უძღოდა 2007 წელს ქსელში ესტონეთის და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ რუსეთის დავა მეზობლებთან მომავალშიც გადაიზრდება კიბერ-ინციდენტებში, როგორც ეს ბოლო წლებში იყო, განსაკუთრებით იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტ-მომსახურებაზე სულ უფრო მზარდი დამოკიდებულება სამოქალაქო ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყვლადობას აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედებები არ არის სრულმასშტაბიანი ომი, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ერთგვარი გაფრთხილება და სხვა სახელმწიფოების კიბერნეტიკული უსაფრთხოების სისტემის შემოწმების მცდელობა იყო. აბსოლუტურად შესაძლებელია ისიც, რომ ნაციონალურ მთავრობებს, ასევე საერთაშორისო ალიანსებს, მაგალითად ისეთებს როგორიცაა ნატო, მალე მასშტაბური კიბერ-თავდასხმებისგან დასაცავად თავიანთი მეთოდების სრულყოფა მოუხდეთ, ისე როგორც ეს ამერიკის ადმინისტრაციამ გააკეთა. მან უკვე ჩაატარა საკუთარი კიბერნეტიკული უსაფრთხოების დამცავი სისტემის ანალიზი, ამჟამად კი იმაზე ფიქრობს, რომ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებული მდგომარეობა ომის კანონებში და საკუთარი ალიანსების ფარგლებში დადებულ შეთანხმებებში მოაქციოს.

პოლონეთი

2009 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთი თვით ადრე ქვეყნის წინააღმდეგ ჰაკერების მასშტაბურ თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რაც რუსეთიდან იყო ინიცირებული. თავდასხმის ობიექტი პოლონეთის მთელი რიგი სამთავრობო ვებ-გვერდები იყო. შეტევა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პოლონეთში ვიზიტის დასრულებისთანავე განხორციელდა, სადაც ის მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. ეს პოლონეთის პარლამენტში 1939 წლის რუსულ აგრესიასა და კატინში მასობრივ დახვრეტებზე გამართული მწვავე დებატების ფონზე მოხდა.

ამ შეტევამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, როდესაც პოლონეთმა და ჩეხეთმა შეერთებულ შტატებთან ანტი-სარაკეტო თავდაცვაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, კრემლი ამ ორ ქვეყანას ანტი-სარაკეტო ფარის ელემენტების განთავსებისთვის ”ასიმეტრიული პასუხით” დაემუქრა. მართალია ამ თავდასხმის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ABW-ს პოლკოვნიკმა პაველ ბიალეკმა მოჰყვა, რომ მისი უწყების კიბერ-პატრულმა, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას ორმოცდაათზე მეტი სახელმწიფო და ადგილობრივი სახელისუფლო ორგანოების კიბერ-სივრცე, წარმატებით გაუმკლავდა ჰაკერების შეტევებს და მოსახლეობას ამ მხრივ პრობლემები არ უგრძვნია.

ეს შეტევა ისეთი სერიოზული არ ყოფილა, როგორც ეს ორი წლით ადრე ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-თავდასხმა იყო, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს პოლონური კიბერ-უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობის შემოწმება გახლდათ. მართალია სხვადასხვა ინტერნეტ-სერვერებსა და ვებ-გვერდებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს ეკუთვნით, უმნიშვნელო თავდასხმები საკმაოდ ხშირია, მაგრამ მასშტაბებით და სიძლიერით ისინი პოლონეთის წინააღმდეგ სექტემბერში განხორციელებულ შეტევაზე გაცილებით მცირეა.

საქართველო

2008 წლის აგვისტოში სამხრეთ-ოსეთში ომის დროს რუსმა ჰაკერებმა ქართული ვებ-გვერდების წინააღმდეგ თავდასხმების მთელი სერია მოაწყვეს. ამით მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს საქართველოს კავშირგაბმულობის სისტემას და სერიოზულად დაეხმარნენ სამხედროებს. კვირაზე მეტ ხანს დაბლოკილი იყო ოცზე მეტი ვებ-გვერდი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, თავდაცვის სამინისტროს, ბანკების, ასევე საინფორმაციო ვებ-გვერდები. ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ US Cyber Consequences Unit საქართველოში ჩაატარა გამოძიება და კრემლსა და განხორციელებულ შეტევას შორის პირდაპირი კავშირი ვერ აღმოაჩინა, თუმცა ის რომ საომარი ოპერაცია ქსელში განხორციელებულ ოპერაციას დროში დაემთხვა, ამ ქმედებების შესაძლო კოორდინაციას მოწმობს. რუსული და თურქული სერვერებიდან მოხდა ”ბოტნეტ” შეტევის ორგანიზება, რომლის დროსაც ათასობით მავნე პროგრამით დავირუსებული კომპიუტერი ერთდროულად გზავნიდა მოთხონას თავდასხმისთვის შერჩეულ ქართულ ვებ-გვერდებზე, რასაც საბოლოო ჯამში მათი ბლოკირება მოჰყვა.

ესტონეთი

2007 წლის აპრილსა და მაისში ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელებული თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო კიბერთავდასხმების სერია, რომელიც სამ კვირას გაგრძელდა სახელმწიფოზე მსგავსი ტიპის პირველი თავდასხმა იყო. ესტონეთი კიბერნეტიკული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საზოგადოებაა ევროპაში, სადაც ქსელის საშუალებით უამრავი ოპერაციის განხორციელება შეიძლება, დაწყებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით - გამოცდების შედეგების მიღებით დასრულებული. იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ამდენად სერიოზულად არის დამოკიდებული კომპიუტერსა და ინტერნეტზე, ის ჰაკერული თავდასხმებისთვის სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა.

2007 წლის აპრილის ბოლოს, რუსეთის და ესტონეთის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. ესტონეთის დედაქალაქის ტალინის ცენტრიდან საბჭოთა ჯარისკაცების ქანდაკების გადატანასთან დაკავშირებულ დავას მასშტაბური კიბერშეტევა მოჰყვა, რამაც ესტონეთის სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, ბანკების, გაზეთებისა და კომპანიების ვებ-გვერდების გათიშვა, ასევე სამაშველო სამსახურის ნომრის ბლოკირება გამოიწვია. ქვეყნის ინტერნეტ-საბანკო სისტემის პარალიზებამ ესტონეთის სახელმწიფო 750 მილიონი ევროთი დააზარალა, რაც ქვეყნის მშპ-ს 3%-ია. ამ შეტევის მაპროვოცირებელი აშკარა საბაბი 27 აპრილს სამხედრო ქანდაკების გადატანა გახდა, რამაც რუსულენოვანი უმცირესობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია და რაც დაპატიმრებებითა და პოლიციასთან სასტიკი შეტაკებებით დასრულდა.

ამ ოპერაციას, რომლის დროსაც თავდასხმისთვის შერჩეულ ვებ-გვერდებზე ყალბი მოთხოვნების ნაკადი შეიქმნა, სერვერების გადატვირთვა მოჰყვა, რის შედეგადაც ეს ვებ-გვერდები დაიბლოკა და ფაქტობრივად მწყობრიდან გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები მთელი მსოფლიოდან იგზავნებოდა, ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა შეტევის საწყის ეტაპზე ინტერნეტში რამდენიმე მისამართის დაფიქსირება შესძლეს. აღმოჩნდა, რომ ბევრი თავდასხმა რუსული ვებ-გვერდებიდან ხდებოდა, თანაც ამ ვებ-გვერდების ნაწილი რუსეთის ფედერალურ უწყებებს ეკუთვნოდა.

ნატო-ს ექსპერტებმა ვარაუდი გამოსთქვეს, რომ ამ მასშტაბის თავდასხმას ჰაკერების მცირერიცხოვანი ჯგუფი ვერ განახორციელებდა და მათი მართვა და კოორდინაცია უფრო მაღალი დონიდან ხდებოდა. თავდასხმები 27 აპრილს, საბჭოთა ძეგლის გადატანის დღეს დაიწყო, პიკს კი 9 მაისს მიაღწია, როდესაც რუსეთი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავდა. ამ დღეს პუტინი სიტყვით გამოვიდა და ესტონეთი გააკრიტიკა.

ამ შეტევამ ნატო-ს რიგებში შეშფოთება გამოიწვია. ასეთ თავდასხმას ალიანსის ერთ-ერთ წევრზე შეიძლება ბლოკის ყველა ქვეყნისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მართალია ესტონეთმა ეს საკითხი ევროკავშირშიც და ნატო-შიც დააყენა, მაგრამ კიბერ-ომი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ, ვერ გახდება ორგანიზაციის მეხუთე მუხლის ამოქმედების საფუძველი, რადგან საერთაშორისო შეთანხმებებში ასეთი ქმედებები განსაზღვრული არ არის და იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო აპარატის მუშაობას ისეთივე ზიანი მიადგა, როგორიც საომარი ქმედებების დროს.

ამ კიბერ-თავდასხმებთან რუსეთის ხელისუფლების კავშირის დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ის მტკიცებულებები, რომლებიც ნატო-ს და ევროკავშირის გამოძიების პროცესში აღმოჩნდა, ასევე ესტონეთის უსაფრთხოების ძალთა წარმომადგენლების ვარაუდები, ამ საქმეში რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობაზე, ყველაზე ცოტა ამგვარი ქმედებების კოორდინაციაზე მიანიშნებს. კიბერ-უსაფრთხოების ზოგიერთი სპეციალისტი აცხადებს, რომ ესტონეთზე თავდასხმის დროს გამოყენებული მეთოდების და ხერხების ნაწილი, ჩვეულებრივი ჰაკერების შესაძლებლობებს აშკარად აღემატებოდა.

საბოლოოდ ესტონეთმა ვერ შესძლო იმის დადასტურება, რომ ამ თავდასხმების უკან რუსეთის სახელმწიფო იდგა, მაგრამ რუსეთის უარი თანამშრომლობასა და იმ რუსული ვებ-გვერდების საქმიანობის გამოძიების საქმეში, რომლებსაც ჰაკერების შეტევებთან კავშირი ჰქონდა, იმაზე მიუთითებს რომ რუსული მხარე ამ ქმედებებთან გარკვეულწილად მაინც დაკავშირებულია.

რუსეთის ახალგაზრდობა ჰაკერული უნარებითა და ცოდნით სახელგანთქმულია, რაც შეიძლება ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობისა და ინტერნეტის განვითარების შედეგი იყოს. რუსეთში ჰაკერული აქტივობის ბოლოდროინდელი გააქტიურება დიდწილად კიბერნეტიკული ვანდალიზმის უმნიშვნელო შემთხვევებს იწვევს, მაგრამ გაცილებით მასშტაბური ოპერაციებიც შეიმჩნევა. 1999 წელს რუსეთის ჰაკერების თავდასხმების სერიის შედეგად, პენტაგონის და ნატო-ს ვებ-გვერდების მუშაობა შეფერხდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საკრედიტო ბარათების ”რეგულარულ” ძარცვაზე, ე.წ. ”ფიშინგ”-ზე (phishing activity) და რუსეთის პრო-ჩეჩნური, უფლებადამცველი და ოპოზიციური ვებ-გვერდების მუშაობის მოშლაზე. ზოგიერთი რუსული უწყება, უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩათვლით, ხშირად სარგებლობს იმ ჰაკერების მომსახურებით, რომლებიც მსოფლიოში ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტებად ითვლებიან. უშიშროების ფედერალური სამსახური ხშირად ამგვარ ხერხს იყენებს: ის ჰაკერს თანამშრომლობას სთავაზობს და სანაცვლოდ ჩადენილი კიბერ-დანაშულის გამო სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლებას ჰპირდება.

სახელმწიფო სპეც-სამსახურებისთვის ჰაკერების საქმე ძალიან კომფორტული და სასარგებლოა, რადგან მათ სერიოზული შეფერხებების შექმნა და დეზორგანიზაციის გამოწვევა შეუძლით, ხოლო მათი ბრალის დამტკიცება ძალიან რთულია. რუსი კიბერ-ექსპერტები დასავლურ პრესას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ამ პრობლემის გაშუქებისას სიტუაციას ძალიან აბუქებს, მაგრამ საუბარი იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ჰაკერები სხვა სახელმწიფოებს უქმნიან, უსაფუძვლო არ არის.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Thursday, October 29, 2009

ლიბერალები მედვედევის იმედს კარგავენ, რადგან პუტინის დაბრუნების მოლოდინი გაჩნდა



ტონი ჰალპინი

თვრამეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა. რუსები კი დღემდე ეძიებენ ერთი რამის დასტურს - დიმიტრი მედვედევს ცოტა უფრო მეტი რამ ევალება, ვიდრე მხოლოდ პუტინისთვის ადგილის თბილად შენახვაა იმ დროისთვის, როდესაც 2012 წელს ის კრემლში დაბრუნდება

იმედგაცრუებულმა ლიბერალებმა მედვედევში მოდერნიზატორი დაინახეს, ისეთი, რომელიც რუსეთს პუტინის ძალაუფლების ავტოკრატული ვერტიკალიდან დაიხსნიდა. ახლა ისინი იმედით ელიან მედვედევის მეორე ყოველწლიურ გამოსვლას, რომელიც მომავალ თვეში უნდა გაიმართოს. ეს ოპტიმიზმი იმ ფაქტმა წააქეზა, რომ მედვედევმა ერთი ვარაუდი გამოსთქვა - ამ გამოსვლაში ის თავის ვრცელ წერილში ”წინ, რუსეთო” გამოთქმულ იდეებს განავითარებს.

მედვედევი ნებისმიერი საზომით, როდესაც იმ პრობლემებზე ლაპარაკობდა, რომლის წინაშეც მისი ქვეყანა აღმოჩნდა, უჩვეულოდ პირდაპირი იყო. მან დაგმო ის, რომ რუსეთი ”დამამცირებლადაა დამოკიდებული” ნედლეულზე და მისი ქვეყნის ეკონომიკა ”უკიდურესად დაბალკონკურენტიანია”. ალკოჰოლიზმი და ცუდი ჯანდაცვის სისტემა მილიონობით მოქალაქეს კლავს, ”საუკუნეების მანძილზე ფეხმოკიდებულმა კორუფციამ” და დასუსტებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ადამიანები პასიური და პირქუში გახადა.

რუსებს უამრავი აღსაფრთოვანებელი თვისება აქვთ, მაგრამ ”ქრთამი, ქურდობა, ინტელექტუალური და სულიერი სიზარმაცე, ლოთობა...ის მანკიერებებია, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენს ტრადიციებს” - განაცხადა მედვედევმა და განახლებული ძალისხმევა მოითხოვა, რათა ეს მანკიერებები საჯარო სივრციდან აღმოიფხვრას.

რუსების უმრავლესობა ადვილად დაეთანხმებოდა საკუთარი ქვეყნის ასეთ შეფასებას. ლიბერალები კი იმან წაახალისა, რომ მედვედევმა რუსეთს სნეულებების სამკურნალოდ ”ექსტრემალურად ღია” და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური კულტურის განვითარება გამოუწერა, ისეთი რომელსაც ”ქვეყნის კორუფციისგან გაწმენდით” მოტივირებული სასამართლო გაუმაგრებს ზურგს, რამაც სამეწარმეო ტალანტების გაფურჩქვნის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს.

პრეზიდენტს მიმდინარე კვირას ამ პრინციპებისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირების საშუალება მიეცა, მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება, მან ეს გამოცდაც ჩააფლავა. რუსეთის პარლამენტის, დუმას ოპოზიციურმა პარტიებმა, თავხედურად გაყალბებული რეგიონალური არჩევნების გამო, რომელშიც პუტინის მმართველმა პარტიამ ”ერთიანი რუსეთი” ხმების 80% მოიპოვა, სხდომათა დარბაზი დატოვეს და შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს.

მედვედევს უკვე მიცემული ჰქონდა მაღალი შეფასება ”ერთიანი რუსეთი”-ს გამარჯვებისთვის, რამაც მისი თქმით პარტიას მართვის ”მორალური და კანონიერი” ძალაუფლება მიანიჭა. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დროს, რაც ტელევიზიითაც გადაიცა, მან განაცხადა, რომ ”ღიაა დიალოგისთვის”, მაგრამ როდესაც კამერები გამოირთო, მედვედევმა ცხადი გახადა - შედეგები არ შეიცვლება.

თავის მიმართვაში ”წინ, რუსეთო” მედვედევი წერდა - ”ჩვენ მართლაც უნიკალურ დროში ვცხოვრობთ. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ავაშენოთ ახალი, თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი რუსეთი. მე, როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სრულიად დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობას მთლიანად გამოვიყენებთ”.

ნეტა შეეძლოს. მის ბევრ პოტენციურ მხარდამჭერს სწორედ მედვედევის რიტორიკასა და ქმედებებს შორის გაწოლილი უზარმაზარი უფსკრული უცრუებს იმედს. დანაპირების შესრულების უუნარობა, ამბობენ ისინი, იმის დასტურია, რომ ძალაუფლება მთლიანად რჩება პრემიერ-მინისტრის, პუტინის ხელში, ხოლო მედვედევი, მათ ე.წ. სახელისუფლებო ”ტანდემში”, მუდმივად შეასრულებს უმცროსი პარტნიორის ფუნქციას.

მას შეუძლია თავის ყოველწლიურ გამოსვლაში რაიმე ისეთზე ილაპარაკოს, რაც მსმენელებს ერთ რამეში დაარწმუნებს - ის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სათამაშო პუტინის ხელში, როგორც პრეზიდენტს დანაპირების რეალიზება ძალუძს და არა მხოლოდ წინასწარ დაწერილი სცენარის გახმოვანება? თუ მას არ უნდა, რომ უძლურ პრეზიდენტებს შორის ყველაზე უძლური აღმოჩნდეს, მან თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელიწადს, 2010-წლამდე დამოუკიდებელი პოლიტიკური იდენტობის დემონსტრირება უნდა მოახერხოს.

მაგრამ მიუხედავად პრეზიდენტ ობამას ძალისხმევისა, მედვედევი შეერთებული შტატებისთვის უფრო სასურველ პარტნიორად წარმოედგინა, გარემოებები მტკიცედ უპირისპირდება ზემოთ თქმულს. რუსების უმეტესობა, პუტინის დაბრუნებას პასიურად ელოდებიან, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 2012 წელს მედვედევს ეტყვიან - წადი.

ორიგინალი
Click Here to Read More..

თურქეთს და დასავლეთს შორის დაძაულობა მატულობს


დენ ბილეფსკი

სტამბული - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, მაშინ როდესაც ეს ქვეყანა აქამდე არნახული ენერგიით აფართოვებს საკუთარ კონტაქტებს უმეტესად მუსულმანურ ქვეყნებთან. ამ ფონზე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შეშფოთებას იწვევს უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებული კითხვა - ხომ არ იხრება ეს მასშტაბური საერო მუსულმანური სახელმწიფო უფრო აღმოსავლეთისკენ, ვიდრე დასავლეთისკენ?


როდესაც პრეზიდენტი ობამა ამ წლის აპრილში თურქეთს სტუმრობდა - ამ სიმბოლურმა ჟესტმა თურქეთის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა - მან განსაკუთრებით აღნიშნა ამ ქვეყნის, როგორც ხიდის როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღიარა მისი შუამავლის როლი არაბულ-ისრაელურ კონფლიქტში, ასევე მთელი თავისი პოლიტიკური წონით აშკარად მხარი დაუჭირა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.

ახლა, ექვსი თვის შემდეგ, ზოგიერთი ექსპერტი ვაშინგტონსა და ბრიუსელში თურქეთის, როგორც პარტნიორის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, ბევრი თურქი კი საკუთარ თავს ეკითხება, ხომ არ ღირს მათ თავად სთქვან უარი ევროკავშირზე, ვიდრე ამას პირველი ბლოკი გააკეთებს.

შიში იმის თაობაზე, რომ თურქეთმა ხიდების მშენებლის როლზე უარის თქმა გადაწყვიტა ამ თვეში გაძლიერდა, როდესაც ამ ქვეყანამ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მანევრებში მონაწილეობაზე უარი სთქვა. ამან კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა, რომელიც მანამდე უკვე საკმარისად შელახული იყო, როდესაც შვეიცარიის დავოსში მსოფლიოს ლიდერების წინაშე გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ღაზას სექტორში სამხედრო ქმედებების გამო გააკრიტიკა.

მაღალჩინოსანი თურქი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ბატონმა ერდოგანმა, რომელიც ისრაელსა და სირიას შორის შუამავლის როლს ასრულებდა ღაზას სექტორში კონფლიქტის დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე, ჩათვალა რომ მას უღალატეს, როდესაც ისრაელმა აგრესია წამოიწყო და რაც მისი აზრით უდანაშაულო მუსულმანების უაზრო მკვლელობით დასრულდა.

იმავდროულად, ზოგიერთ დასავლელ დიპლომატს მიაჩნია, რომ თურქეთმა მათი აზრით ირანთან დაკავშირებული ქმედებებით შეშფოთების საფუძველი შექმნა.

როდესაც ამ წლის ივნისში ირანის სადაო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, თურქეთი იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, ვინც პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს ხელახალი არჩევა მიულოცა. სამშაბათს, თეირანში ვიზიტის დროს, ბატონმა ერდოგანმა განაცხადა, რომ დასავლეთი ორმაგი სტანდარტების პრაქტიკას მიმართავს, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაზე ზეწოლას ახდენს. ”ისინი ვინც ბირთვული განიარაღებისკენ მოწოდებებს აკეთებენ, პირველ რიგში ეს პროცესი საკუთარ ქვეყნებში უნდა დაიწყონ” - ხაზგასმით აღნიშნა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ხმამაღლა აპროტესტებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამტკიცებს რომ ეს ქვეყანა გეოგრაფიულად ევროპას არ განეკუთვნება. ამ საკითხზე ასევე ეჭვი გამოსთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. ბევრმა თურქმა მიიჩნია, რომ ევროკავშირში მათი ქვეყნის მიღება მუსულმანების დიდი რაოდენობის გამო არ სურთ.

გასულ კვირას სტამბულის შეხვედრაზე, სადაც თურქეთის მეზობლებთან ურთიერთობის საკითხი განიხილებოდა, წარმომადგენლობითი პალატის წევრმა და კონგრესში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რობერტ უექსლერმა განაცხადა, რომ - ”თქვენ კითხულობთ რატომ დაინტერესდა თურქეთი სხვა მიმართულებებით? ევროპა, დააკვირდი საკუთარ ქმედებებს და საკუთარ მოსაზრებებს”.

სხვა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თურქეთს ამ მიმართულებით კულტურული და ეკონომიკური ფაქტორები უბიძგებს.

Sabanci-ს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა ერსინ კალაიჩიოგლუმ აღნიშნა, რომ გლობალურ ფინანსურ კრიზისს ევროპული ეკონომიკის შემცირება მოჰყვა, რამაც თურქეთს - მსხვილ ექსპორტიორს - ახალი ბაზრების მოძიების დაწყება აიძულა. ამ პოლიტოლოგსაც და მის სხვა კოლეგებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველი ”სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის, როგორც მუსულმანური ფესვების მქონე სოციალურად კონსერვატიული პარტიის ლიდერები თავს გაცილებით კომფორტულად ელ-რიადში, დამასკოსა და ბაღდადში გრძნობენ, ვიდრე პარიზში, ლონდონსა და რომში.

ვეროკავშირთან მოლაპარაკებების ნაწილობრივ ჩავარდნასაც კი შორს მიმავალი შედეგები მოჰყვება. თურქეთი - შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის შეუცვლელი პარტნიორია. როგორც ქვეყანა, რომელიც ირანს, ერაყს და სირიას ესაზღვრება, თურქეთი დემოკრატიის, კაპიტალიზმისა და ისლამის ერთობლიობის უზარმაზარი სიმბოლოა. ახლო-აღმოსავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მდებარე ამ სატრანზიტო ქვეყანას, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მას ასევე ძლიერი გავლენა აქვს ავღანეთზე და გარდა ამისა ის კავკასიაში რეგიონალური ლიდერია.

მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის ევროკავშირთან მოლაპარაკებები ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაშია. კვიპროსთან ძველი კონფლიქტის გამო მთელი რიგი საკითხების განხილვა დაბლოკილია. პირველად მრავალი წლის განმავლობაში საქმიანი წრეების წამყვანმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ყოველთვის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერები იყვნენ, ახლა ეჭქვეშ აყენებენ მოლაპარაკებათა გაგრძელების მიზანშეწონილობას, რომლის დასრულებაც, როგორც სჩანს ჯერ-ჯერობით არ განიხილება.

”ჩვენ თურქები - ამაყი ხალხი ვართ და არ გვინდა იმ სახლში შესვლა, სადაც ჯერ დაგვპატიჟეს, მაგრამ შემდეგ ყოველ ჯერზე მასპინძელი ცხვირწინ კარს გვიკეტავს” - ამბობს ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელთა წარმომადგენელი ჰასან არატი.

ქვეყნის შელახული თავმოყვარეობის მიუხედავად, თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები და ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ თურქეთი დასავლეთის მიტოვებას არ აპირებს. თურქეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ეჯემენ ბაჯისი არ ეთანხხმება იმ მოსაზრებას, რომ თურქეთის პოლიტიკა აღმოსავლეთისკენ იცვლის ორიენტაციას. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მხრიდან მეზობლებთან კონტაქტების გააქტიურება, სირიასთან საზღვრის გახსნა, სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისტორიული შეთანხმების ხელმოწერა, ასევე ირანთან ურთიერთქმედებათა გაფართოვება - ეს ყველაფერი თურქეთს მისი დასავლელი მოკავშირეებისთვის უფრო ეფექტურ შუამავლად აქცევს.

”ნებისმიერი ხიდი, თუკი მას ერთი საყრდენი მყარი აქვს, მეორე კი სუსტი, დიდხანს ვერ იარსებებს” - აღნიშნა ბატონმა ბაჯისმა.

ბატონი ერდოგანის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იბრაჰიმ კალინი ამბობს, რომ თურქეთის ახალი უფრო გახსნილი საგარეო პოლიტიკის დასავლელი კრიტიკოსები ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. ”როდესაც შეერთებული შტატები რუსეთს წინადადებებს სთავაზობს, ამას ყველა ადიდებს და დიპლომატიის ახალი ეპოქის დასაწყისს უწოდებს, მაგრამ როდესაც თურქეთი ირანთან საკუთარი კავშირების გაფართოვებას ცდილობს, ყველა კითხულობს, ეს ხომ არ ნიშნავს ორიენტაციის შეცვლას”.
ბატონმა კალიმმა აღნიშნა, რომ ანტი-თურქული განცხადებები, რომლებიც მთავარი ევროპული დედაქალაქებიდან გაისმის, ართულებს იმ ამოცანას, რასაც თურქი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაში დარწმუნება ჰქვია.

”თურქეთის აღმოსავლეთისკენ მოძრაობაზე ნერვიულობის ნაცვლად, დასავლეთი იმას უნდა უფრთხოდეს, რომ ნაწყენი თურქეთი რუსეთისკენ არ მიბრუნდეს” - ამბობს ევროკავშირის საკითხებში წამყვანი ექსპერტი ჩენგიზ აქტარი. რუსეთი ყველანაირად ეფერება ამ ქვეყანას, რომელიც მისთვის ენერგეტიკული მიწოდებების თვალსაზრისით საკვანძო გამანაწილებელია, ხოლო რუსეთში თურქული ინვესტიციები სულ უფრო იზრდება.

”ამ მთავრობას თავისუფლად შეუძლია ევროპას უთხრას ”გმადლობ, არ გვინდა” და სანაცვლოდ რუსეთთან დაიწყოს დაახლოვება” - აღნიშნა ბატონმა აქტარმა.

ორიგინალი
Click Here to Read More..

ტალიავინის კომისიის დასკვნამ საქართველოში პროტესტის მიძინებული ვულკანი გააღვიძა


კობა ლიკლიკაძე

შვეიცარელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის სახელი შესაძლოა სულ მალე საქართველოში ახალი საპროტესტო მოძრაობის დროშად იქცეს. საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც აპრილიდან მოყოლებული სამი თვის განმავლობაში მართავდნენ მრავალათასიან დემონსტრაციებს, კვლავ განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს (www.civil.ge, 2 ოქტომბერი)


ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა თემაზე: თუ როგორ უნდა ”გათავისუფლდეს საქართველო სააკაშვილის რეჟიმისგან, რომ ხალხმა შესძლოს ნამდვილად ეროვნული, ანგარიშვალდებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელმძღვანელობის არჩევა” (”ინტერპრეს-ნიუსი”, 2 ოქტომბერი).

ტალიავინის დასკვნის კვალდაკვალ, სააკაშვილის გადადგომას ითხოვს ”ლეიბორისტული პარტი”-ის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, დასკვნაში ომის დაწყება საქართველოს ბრალდება და ქვეყანას მხოლოდ მაშინ ეშველება, თუკი ”ამ ავანტიურის ავტორი და შერცხვენილი მთავარსარდალი სააკაშვილი გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ”. (”პრაიმ-ნიუსი”, 2 ოქტომბერი) მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ერთიანი ფრონტის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფმა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან გამიჯვნაზე განცხადება გააკეთა მოძრაობამ “დაიცავი საქართველო”, რომლის ლიდერიც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა. (”ინტერპრეს-ნიუსი”, 3 ოქტომბერი); ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ერთ-ერთი პოპულარული ძალის “ეროვნული ფორუმი”-ს ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე კი ღიად აცხადებს, რომ “დადგა დრო სააკაშვილი მოვიცილოთ ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი იარაღით, რაც ხელში მოგვხვდება”. (გაზეთი “ასავალ-დასავალი”, 5-11 ოქტომბერი)

თუმცა, რადიკალური მეთოდებით ხელისუფლების შეცვლის იდეას საქართველოში ყველა ოპოზიციური ძალა მხარს არ უჭერს. ამ ბანაკშია “ახალი ალიანსი”-ს ლიდერი ირაკლი ალასანიაც, რომელიც მომავალ შემოდგომაზე აპირებს ბრძოლას თბილისის მერობისათვის. ალასანია ასევე უერთდება მოსაზრებას, რომ ევროკავშირის კომისიის დასკვნა უმძიმესია საქართველოს პრეზიდენტისთვის. ”ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და არაგონივრულმა გადაწყვეტილებამ ცეცხლი გაეხსნა ცხინვალისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი როგორც თავისუფალი ქვეყნის განვითარება საფრთხის ქვეშ დააყენა” - განაცხადა პირველ ოქტომბერს ”ალიანსმა საქართველოსთვის”, რომელსაც ირაკლი ალასანია უძღვება. გაერთიანებამ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის შექმნილი ანგარიში ”შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის”.

”მთავრობა უახლოეს მომავალში უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად და კონსტიტუციურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით” - დასძინა მან (www.civil.ge, 2 ოქტომბერი).

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს პირადად არ უპასუხოს ოპოზიციის ბრალდებებს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა, რომელმაც დაადასტურა, რომ “ომი რუსეთმა 7 აგვისტომდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ხოლო საქართველომ სამხედრო მოქმედებების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დაქირავებულმა მეომრებმა და რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა საქართველოს ტერიტორია გადაკვეთეს. (”ინტერპრეს-ნიუსი”, 3 ოქტომბერი). საქართველოს მოსახლეობისადმი გაკეთებულ მიმართვაში, რომელიც ტალიავინის კომისიის დასკვნას მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი კვლავ გააკეთებდა იმას, რაც შარშან 7 აგვისტოს გააკეთა, როდესაც ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. “რადგან ის ქვეყნები, რომლებმაც არ გაისროლეს, რუკიდან გაქრენ. ერთი წამითაც არ ვნანობ და ვამაყობ იმით რაც მოხდა. ასე რომ, ჩვენ არავის ჭკუის სასწავლებელი არ გვჭირს არაფერი. ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდა საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია. ჩვენ არასდროს არ დავნებდებით და არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს ბრძოლას” - 2 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. (“იმედი”, 2 ოქტომბერი).

ოპოზიციის პასუხად, რომელიც კვლავ ითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას, საქართველოს ხელისუფლება ”პიარს” აძლიერებს და სულ უფრო მეტს საუბრობს დემოკრატიულ რეფორმებზე, ოპოზიციასთან დიალოგზე და ეკონომიკურ რეფორმებზე. საქართველოს პრეზიდენტმა განაახლა ოპიზიციის ნაწილთან უშიშროების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ერთხელ, 2 თვის წინ ჩაატარა. (”ინტერპრეს-ნიუსი”, 11 სექტემბერი).

საქართველოს კონტროლირებადი ტელე-არხები კი უფრო დიდ დროს უთმობენ მთავრობის ანტი-კრიზისულ საქმიანობას, რომლის ცენტრშიც ყოველთვის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას. ოპოზიცია ჩივის, რომ ნაციონალური ტელეარხები მიზანმიმართულად ახდენენ ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციას და მას რუსეთის “მეხუთე კოლონად” წარმოაჩენენ (The Guardian 7 ოქტომბერი).

და არა მხოლოდ ოპოზიციას. ჰაიდი ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც ომის დამწყებად საქართველოს ხელისუფლება დაასახელა, საქართველოში კონტროლირებადმა ტელე-არხებმა არა ერთი სიუჟეტი მიუძღვნეს კომისიის წევრ, გერმანელ პროფესორ ოტო ლუჰდენჰარდტს, რომელმაც არაობიექტურ დასკვნაში თურმე ”გაზპრომი”-საგან დიდი ჰონორარი მიიღო (”ექსპრეს-ნიუსი”, 6 ოქტომბერი).

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადმა მედია-საშუალებებმა გასულ კვირაში ”გაზპრომ”-თან გარიგებაში დაადანაშაულეს არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის გერმანელი წევრი, არამედ საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვალტერ შტაინმაიერიც (”ექსპრეს-ნიუსი”, 6 ოქტომბერი) ამას კინაღამ დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ორი ქვეყნის ურთიერთობაში პირველად, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებს კატეგორიულად მოსთხოვა “უარეყოთ სპეკულაციები” და “გაესწორებინათ ყალბი ინფორმაცია” (www.civil.ge, 7 ოქტომბერი).

თუმცა, გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აღორძინებისა და რეფორმებისთვის კვლავ განაგრძობენ საქართველოს ეკონომიკურ მხარდაჭერას. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ რუსეთთან ომის შემდეგ 900 მილიონი დოლარის კრედიტი მიიღო. (”თავისუფლება”, 8 ოქტომბერი) საქართველოს ოპოზიცია მიესალმება ევროპისა და ამერიკის უხვ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ ერთი დათქმით - ”დროა დასავლელმა გადასახადის გადამხდელებმა განაცხადონ, რომ მათ არ სურთ მათი ფული ავტორიტარიზმის მხარდაჭერისთვის იხარჯებოდეს. დროა სააკაშვილმა იმ ქმედებებისთვის გადაიხადოს, რაზეც ის პასუხისმგებელია და წავიდეს” (The Guardian 7 ოქტომბერი).

ორიგინალი

Click Here to Read More..

ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსი რუსეთთან ”დიალოგისკენ მოუწოდებს



მოსკოვი - ქართველმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სამშაბათს, მოსკოვში შეხვედრაზე ”რუსულ-ქართული ურთიერთობების სირთულეები” და ”ამიერკავკასიის რეგიონის პრობლემები განიხილეს” - ოთხშაბათს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ

მანამდე ნოღაიდელი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ხოლო დღეს მოძრაობას ”სამართლიანი საქართველოსთვის” ხელმძღვანელობს, წინაპირობებისა და საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის შემოერთების გარეშე რუსეთთან დიალოგს დაუჭირა მხარი.

”საქართველოს გაერთიანება - ყველაფერი ამ მთავარ ამოცანს ემსახურება, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ მექანიზმებია” - პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ნოღაიდელმა, სადაც ის მოსკოვში თავისი ვიზიტის შედეგებზე ლაპარაკობდა.

”არ არსებობს ამ საკითხის სამხედრო გაადაწყვეტის საშულება და ვერც იარსებებს, განსაკუთრებით გასულის წლის მოვლენების შემდეგ, ასე რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი, მაგრამ ეს დიალოგი ჯერ არ უნდა ეხებოდეს სტატუსს” - განაცხადა მან.

”ჩვენ მოლაპარაკებები საქართველოს გაერთიანებაზე სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან უნდა გავმართოთ და არა რუსეთთან, მაგრამ ნებისმიერი დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, თუ არ იარსებებს მწვავე კონფრონტაცია საქართველოსა და რუსეთს შორის და მოლაპარაკებების დასაწყებად წინასწარი პირობები არ უნდა დაითქვას” - განაცხადა ნოღაიდელმა.

”საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებების დასაწყებად ძალიან ბევრ ისეთ წინაპირობას აყენებს, რომელიც ვერ შესრულდება და ჩვენ ვერც ვხედავთ, რომ სააკაშვილს რეალურად აქვს სურვილი დიალოგის დაწყებისა”.

რაც შეეხება კონტაქტებს, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს შორის ”პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს სამხედრო კონფლიქტი და მეორე რიგში, უნდა აღდგეს ურთიერთობები, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მოსახლეობას შორის, ასევე უნდა აღდგეს ავტობუსებისა და სარკინიგზო მიმოსვლა”.

ორიგინალი
Click Here to Read More..