
გიორგი ლომსაძე და სოფია მიზანტე
20 ოქტომბერს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმის სცენების გადასაღებად ჰოლივუდმა თბილისის ცენტრი დაიპყრო. მთავრობამ გადამღებ ჯგუფს რეკვიზიტებად ტანკები დაუთმო. ფილმში ერთხელ ოსკარზე ნომინირებული მსახიობი ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს
მოვლენების ჰოლივუდური ვერსია, გაცილებით მომხიბვლელი ჩანს, ვიდრე რეალური კონფლიქტი, რომელიც აქ შარშან იყო. პარლამენტის წინ ღამის აქციაზე უამრავი ქართველის მხრიდან დროშების ფრიალისა და პლაკატების ფონზე ”Stop Russia” გარსია სააკაშვილის მსგავსად მხარდამჭერების წინაშე მგზნებარე სიტყვას წარმოსთქვამს. ”დღეს ოკუპანტთა ძალები კარს მოგვადგნენ!” - გამოაცხადა გარსიამ ცუდი ქართული აქცენტითა და ხმით, რომელიც მისი ერთ-ერთი პერსონაჟის ვინსენტ მანჩინის ხმას ჰგავდა ფილმიდან ”ნათლიმამა” მესამე ნაწილი. სცენა 2008 წლის 12 აგვისტოს გამეორება გახლდათ, იმ მიტინგის, რომელსაც იმ დღეს საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში საგანგებოდ ჩამოსული უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ლიდერებიც ესწრებოდნენ.
ფილმის თანა-პროდიუსერის დავით იმედაშვილის ცნობით, არსებობს მოლოდინი, რომ ფილმის წარმოებას უოლ კილმერიც შეუერთდება, რომლის აქტივშიც ისეთი ფილმებია, როგორებციაა Top Gun და Batman Forever, თუმცა ის რა როლს ითამაშებს ჯერ განსაზღვრული არ არის, დასძინა იმედაშვილმა.
ფილმს ჯერ არა აქვს სახელწოდება, მაგრამ ცნობილია რომ ის ამერიკელი ჟურნალისტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი განასახიერებს. როგორც EurasiaNet-ს ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებმა უამბეს, საქართველოში ჟურნალისტი ერაყიდან ჩამოდის, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ კავკასიაში შეიძლება სამხედრო კონფლიქტი გაჩაღდეს. ფილმის რეჟისორი რენი ჰარლინია, ფილმის ”კერკეტი კაკალი 2”-ის რეჟისორი.
ამერიკელი მსახიობი ჯონატონ შეკი (Doom Generation) ქართველ ჯარისკაცს განასახიერებს, რომელსაც ჟურნალისტების დახმარება სურს და მათ ომზე ”სიმართლეს” უყვება.
მაგრამ ეს სიმართლე მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. საქართველოს მთავრობა, რომელიც დღემდე მოსკოვთან ”პიარ” ბრძოლაშია ჩართული, ფილმის წარმოებას სამხედრო აღჭურვილობითა და საბრძოლო სცენებისთვის პერსონალით ამარაგებს.
შარშან, რუსეთის პირველმა არხმა რეგიონისადმი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული, ომზე გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმით მიიპყრო, სადაც ამერიკელი ენტომოლოგი ყველა ძალას ხმარობს, რომ როგორმე ქართულ თავდასხმას გადაურჩეს. ჰარლინის კინო თბილისს მოსკოვთან ანგარიშის გათანაბრებაში ეხმარება.
”სამხედროებმა ვერტმფრენები, ტანკები და ყველა ტიპის აღჭურვილობა მოგვაწოდეს” - EurasiaNet-ს გადამღები ჯგუფის წევრმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რადგან ის პრესასთან საუბარზე არ იყო უფლებამოსილი.
სამთავრობო შეხვედრების სცენების გადასაღებად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯგუფს გასულ შაბათ-კვირას თავისი სასახლე დაუთმო. შეკის ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ლიდერმა ფილმის რამდენიმე მონაწილესთან ერთად ისადილა.
ფილმის მეორე თანა-პროდიუსერი დეპუტატი პაპუნა დავითაია, რომელიც პარლამენტში სააკაშვილის მმართველი პარტიის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის” წარმომადგენელია და კინო-ინდუსტრიაში მანამდე გამოცდილება არ ჰქონია, ფილმის მეორე თანა-პროდუსერია.
ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით დიდი სპეკულაციები გაჩაღდა. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფილმისთვის ფულს საქართველოს მთავრობა იხდის. წარმოების სპიკერის თამუნა ლილუაშვილის თქმით, ქართული კომპანია ”გოლდინვესტი” ფილმის ოფიციალური სპონსორია.
მთავრობის მხრიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება ფილმის ბიუჯეტს სერიოზულად ზოგავს. ”ასეთი ფილმის გადაღება შეერთებულ შტატებში ალბათ 70-დან 100 მილიონ დოლარამდე დაჯდებოდა. ჩვენ შემთხვევაში კი ათჯერ იაფია” - აცხადებს ქართველი თანა-პროდუსერი დავით იმედაშვილი.
ერაყის სცენები საქართველოს სამხრეთით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადაიღეს. იმედაშვილი, რომელიც ფილმის სიუჟეტის ძირითადი ხაზის ავტორია, ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ჰოლივუდის საქართველოში ჩამოყვანა დიდი ხნის განმავლობაში სურდათ. ქვეყნის შეზღუდული კინოწარმოება ცდილობდა უცხოელი პროდიუსერების საქართველოთი დაინტერესებას, სადაც მაღალბიუჯეტიანი ფილმების გადაღება უფრო იაფი ჯდება.
”თავიდან გვსურდა სცენარი აფხაზეთზე (გამოყოფილ რეგიონზე) დაგვეწერა და ის ჰოლივუდისთვის მიგვეწოდებინა” - სთქვა იმედაშვილმა - ”მაგრამ შემდეგ ომი დაიწყო და ვიფიქრეთ რომ ეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვის ძალიან კარგი თემა გახდებოდა.”
საქართველოს კინოცენტრიდან დაფინანსებული პროექტით იმედაშვილი ამერიკის ფილმის ბაზარზე (American Film Market) გაემგზავრა, სადაც ყოველწლიურად ფილმის მწარმოებლები და მსახიობები იკრიბებიან. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მაიკლ ფლენიგანია ("Beyond a Reasonable Doubt"); სცენარის ავტორი კინოდოკუმენტალისტი მიკო ალენია, რომელიც იმავდროულად ოლივერ სთოუნის ვიეტნამის ომის ეპოპეაზე Pinkville მუშაობს.
იმედაშვილის თქმით, ჰარლინი საგანგებოდ შეირჩა როგორც რეჟისორი, რომლის მძაფრსიუჟეტიანი ფილმები, როგორც წესი კომერციულად წარმატებულია ხოლმე. ქართული პროექტი წარმოშობით ფინელი ჰარლინისთვის შესაძლებლია ერთგვარად ჰარმონიულიც კი იყოს, მისი ბოლო პროექტი Mannerheim, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია, 1939-1940 წლის საბჭოთა კავშირის ფინეთთან ომს ეხება.
ჰარლინთან ინტერვიუს ჩაწერა ფილმის გადაღების დროს არ იყო შესაძლებელი, ”მორიგი დაკავებული დღე თბილისში, საქართველოში” - გასულ თვეში დაწერა მან საკუთარ ბლოგზე - ”ჩვენ სულ რაღაც ორი კვირაა რაც ვიღებთ და გუნდი ძალიან აქტიურად მუშაობს. აწყობს მოწყობილობებს, იღებს ასობით სამხედრო უნიფორმას, ამზადებს ვერტმფრენებს, თვითმფრინავებს, ტანკებს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს მასობრივი საბრძოლო სცენებისთვის.”
მაგრამ ბევრი ქართველისთვის რუსული გავლენისგან თავისუფალი არც ეს ”მასობრივი საბრძოლო სცენები” აღმოჩნდა. გადამღები ჯგუფის ერთმა წევრმა გვითხრა, რომ სპეციალურად პიროტექნიკური ეფექტებისთვის რამდენიმე რუსი ექსპერტი დაპატიჟეს. ”ასე რომ, თითქოს ისევ იქ ვართ, ნამდვილ ომში, სადაც ასაფეთქებელ სამუშაოებს რუსები ასრულებენ” - სთქვა მან ირონიულად.
ორიგინალი
Click Here to Read More..
ელენა ბედველი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლო-აღმოსავლეთს მიუბრუნდა, რათა საქართველოში უცხოური ინვესტიციები გამოაცოცხლოს, რომლებიც თითქმის მთლიანად ქრებოდა ამ შავი ზღვისპირა ქვეყანაში იმ დროს, როდესაც ის ცდილობს აღსდგეს რუსეთთან ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ
სააკაშვილი გაერთიანებულ არაბულ საამიროებს წელს რამდენჯერმე ეწვია და ”მომავალი ორი-სამი წლისთვის” სულ ცოტა $1 მილიარდი მოიპოვა, განაცხადა მან ინტერვიუში თბილისში. ის ამას წინათ დაბრუნდა ქუვეითიდან და შემდეგში კატარში მიდის.
დეველოპერული კომპანია Rakeen, რომელსაც Gulf emirate of Ras al-Khaimah ფლობს, ”რამდენიმე თვეში” შავი ზღვის პორტში ფოთში, რომელიც გასულ დეკემბერს შეიძინა, ”კავკასიაში უდიდესი აეროპორტის შენებას დაიწყებს” - განაცხადა სააკაშვილმა - ”ეს რეგიონის საკვანძო აეროპორტი იქნება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ის ნახევარ გზაზეა ევროპასა და ყურეს შორის არსებულ უმეტეს მარშრუტებს შორის.”
”$12.8 მილიარდიანმა ეკონომიკამ დაახლოებით $1 მილიარდის ზარალი განიცადა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ-ოსეთის რეგიონის გამო მომხდარი ომის დროს, საქართველოს არმია იქნა უკუგდებული. ამ კვარტალში ეკონომიკური ზრდა შეიძლება აღსდგეს, თუმცა 2009 წელს საგარეო ინვესტიციები $1 მილიარდს არ გადააჭარბებს, მაშინ როდესაც მთავრობის თავდაპირველი პროგნოზით ის $2 მილიარდის ტოლი უნდა ყოფილიყო” - 6 ოქტომბერს განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მაისში გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა წელს დიდადაა დამოკიდებული დონორთა თანხებზე. მთავრობის პროგნოზით, 2009 წელს ეკონომიკა 1.5%-ით შეიკვეცება და 2010 წელს ეკონომიკური ზრდა 2%-ს გაუტოლდება.
კონფლიქტის შემდეგ, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ საერთაშორისო საზოგადოებისგან $4.55 მილიარდის საერთაშორისო დახმარების პირობა მიიღო, მათ შორის აშშ-დან $1 მილიარდის ორწლიანი შეთვაზება.
დუბაი, სინგაპური
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის პროგნოზი 2010 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ ”მოკრძალებულია” და ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 6%-ს მიაღწიოს მაშინ, როდესაც ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტს, სახელმწიფო დანახარჯებისა და ვალების ზღვარს შეიცავს, ამოქმედდება. ამის შედეგად, შეიძლება უცხოური ინვესტიციებიც გაიზარდოს, განაცხადა მან.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დაგეგმილი აქვს საქართველო, დუბაისა და სინგაპურის მსგავსად, ფინანსური მომსახურებისა და კომერციის ცენტრად აქციოს, ისევე როგორც ტურიზმისა და ენერგეტიკული ტრანზიტის ადგილად.
ფოთის აღმშენებლობასთან ერთად, სააკაშვილის თქმით, მთავრობა ანაკლიის განვითარებისთვისაც ეძებს ინვესტორებს, ”ყველაზე ღრმა ბუნებრივი პორტისთვის” შავი ზღვის სივრცეში, რომელიც უზრუნველყოფდა ”უმოკლეს მარშრუტს ჩინეთიდან ევროპის უმეტეს რეგიონებამდე.”
”გუშინ თბილისში ირანელი ინვესტორების დელეგაცია ჩამოვიდა, რათა ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საბანკო დარგში 300 მილიონიანი შესაძლო პროექტები განიხილოს” - სატელეფონო საუბარში განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრის სპიკერმა ნინო დარასელმა.
სპეციალური ეკონომიკური ზონა
სოფიო მამარდაშვილმა, Rakeen-ის თბილისელმა სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანია ასრულებს ფოთის აეროპორტის დაგეგმავს და ”პროექტი ახლო მომავალში დაიწყება.”
Rakeen-მა მას შემდეგ რაც მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც პორტის მშენებლობასა და 51%-ის წილის შეძენას გულისხმობდა, ფოთის პორტის 49%-ის $65 მილიონი გადაიხადა. სააკაშვილმა ქვეყნის პირველი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა ფოთში 2008 წლის აპრილში დააფუძნა.
”კომპანიას ასევე ორი დეველოპერული პროექტი აქვს თბილისში, მათ შორის 72 836 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსი თბილისის გარეუბანში” - ნათქვამია კომპანიის ვებ-საიტზე.
ორიგინალი
Click Here to Read More..
კობა ლიკლიკაძე, ლიზ ფულერი
ვიდეოკადრებში, რომლებიც გასულ კვირას ქართულ ვებ-საიტებსა და YouTube-ზე გამოქვეყნდა, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსჩანს, ხოლო კადრს მიღმა დადებული ხმა საქართველოს პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე შეურაცხმყოფელ კომენტარს აკეთებს. ამ ვიდეოკადრებმა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვობს, რომ ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავრობამ ილია მეორის დისკრედიტაციისთვის გაავრცელა, რადგან მან გასულ კვირას სააკაშვილი მინიშნებით გააკრიტიკა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ნაჩქარევი ომის გამო. ილია მეორემ განაცხადა, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ასეც უნდა მომხდარიყო.
42 წამიანი ვიდეოკლიპი პირველად YouTube-ზე 13 ოქტომბერს აიტვირთა. თეა თუთბერიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციის თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა ეს ვიდეო Facebook-ზე გამოაქვეყნა. თუთბერიძემ შემდგომში ახსნა, რომ ის ასე მოიქცა, რადგან ილია მეორის კომენტარი ქართული სახელმწიფოსთვის საზიანოდ მიიჩნია.
თუთბერიძემ ისიც სთქვა, რომ ის ერთ რამეს შიშობს - რუსეთი ცდილობს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის გამოიყენოს და პროცესში პირადად პატრიარქი ჩართოს. ის ამტკიცებდა, რომ როდესაც ”ორგანოზე სიმსივნე ჩნდება, მას ქირურგიული ოპერაცია სჭირდება და არა ტკივილგამაყუჩებლები იმ იმედით, რომ სიმსივნე გაქრება.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თუთბერიძე პატრიარქს აკრიტიკებს. 2007 წლის მარტში, ის პატრიარქის მიერ საკუთარი ტელევიზიისა და რადიოს გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ როგორც სჩანს, ბევრი ქართველი თუთბერიძის შიშებს სერიოზულად არ აღიქვამს. პირიქით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პარლამენტის წევრებმა და ოპოზიციამ ერთნაირად დაგმეს ვიდეომონტაჟი, როგორც ”საძაგელი,” ”მიუღებელი” და ”არაეთიკური.”
საპატრიაქომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ვიდეოკლიპების გავრცელება და მას ”ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლების მოშლისა” და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი უწოდა.
თავის მხრივ, სააკაშვილმა 21 ოქტომბერს დაადასტურა პატრიარქისადმი საკუთარი მხარდაჭერა და პატივისცემა. იმავე დღეს შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ”ჩვენი ღირსების დამცველი მოძრაობა” უწოდეს და რომელმაც თავის მიზნად ილია მეორის რეპუტაციის დაცვა დაასახელა.
76 წლის ილია მეორე, უკვე სამი ათეული წელია პატრიარქია. ის ჩრდილო-ოსეთში, ვლადიკავკაზში დაიბადა და 1952 წელს სასწავლებლად მოსკოვის სასულიერო სემინარიაში შევიდა, ერთი წლით ადრე სტალინის გარდაცვალებამდე.
თავისი სასულიერო განათლების დასრულების შემდეგ, ის 1960 წელს საქართველოში დაბრუნდა, სადაც 1963 წელს ბათუმის ეპისკოპოსად აკურთხეს, ხოლო 1967 წელს კი - ცხუმ-აფხაზეთის. ილია მეორე პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს, ”სამიზდატ”-ის მიერ გამოცემული იმ დოკუმენტის გავრცელების შემდეგ, სადაც აღწერილი იყო საქართველოს სასულიერო პირთა შორის სავარაუდოდ გავრცელებული კორუფცია და ჰომოსექსუალიზმი.
1980-იანი წლების ბოლოს ილია მეორემ ნაციონალისტურ ლიდერთან და მომავალ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან, ”სამიზდატ”-ის დოკუმენტების ერთ-ერთ ანონიმურ ავტორთან არაფორმალური კავშირი ჩამოაყალიბა და ამაოდ სცადა თავიდან აეცილებინა ქართველ დემონსტრანტთა მასობრივი მკვლელობა, რომელიც საბჭოთა ჯარმა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს განახორციელა.
როდესაც საქართველომ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ილია მეორემ საქართველოში თანმიმდევრულად განამტკიცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უზენაესობა და დაგმო სხვა რელიგიური სექტები, როგორც ”მისი ავტორიტეტის შემლახავნი.”
ის ასევე თანმიმდევრულად უჭერდა მხარს სააკაშვილის ძალისხმევას აღედგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სააკაშვილის ინაუგურაციის წინ, 2004 წლის იანვარში მან აკურთხა საქართველოს ახალი ეროვნული დროშა და განაცხადა, რომ - ”ახალი დროშის ქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მალე აღსდგება... ჩვენ მალე შევალთ სოხუმში და ცხინვალში ამ დროშით. ეს დროშა გააერთიანებს მთელ საქართველოს.”
მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოპოზიცია 2007 წლის შემოდგომაზე სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდა, ილია მეორე ფრთხილად დისტანცირდა სააკაშვილის მმართველობისგან, ოპოზიციურ პარტიებსა და სააკაშვილს დიალოგისკენ მოუწოდა და პოლიციას სთხოვა არ მიეღო ზომები იმ თანამემამულეების წინააღმდეგ, ვინც სააკაშვილის რეჟიმს საპროტესტო აქციებით უპირისპირდებოდა.
13 ოქტომბერს მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მან მინიშნებით გააკრიტიკა სააკაშვილი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ნაჩქარევი ომის გამო, იმ ომის გამო, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ- ოსეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებით დასრულდა.
”ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო” -განაცხადა მან. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ თავი აგვერიდებინა ამ მოვლენებისთვის, როცა გემი ზღვაში მიდის, კაპიტანმა უნდა იცოდეს სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს და არ დაზიანდეს, როგორც ეს საქართველოს მოუვიდა” - დასძინა მან.
2008 წლის დეკემბერში ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა და თბილისში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ მათ ”საკმაოდ პოზიტიურ და კარგ შეთანხმებას” მიაღწიეს, მაგრამ ამასთანავე ეს შეთანხმება მოითხოვს ”ფრთხილ და დიპლომატიურ ძალისხმევას,” მაგრამ ამ ბოლო თვეებში მედვედევმა სულ უფრო ცხადი გახადა, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთს სურს კარგი ურთიერთობები საქართველოსთან, ის პირადად თავს შეიკავებს სააკაშვილთან კონტაქტისგან, რადგან მისი რწმენით, ამ უკანასკნელმა ”ჩაიდინა დანაშაული საკუთარი, აფხაზი და ოსი ხალხების წინაშე.”
ორიგინალი
Click Here to Read More..

ელენა ბედველი
როგორც სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, აშშ-ს მიერ საქართველოს მხარადაჭერის დემონსტრირებამ, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ივლისის ვიზიტმა თბილისში, ხელი შეუწყო სააკაშვილის რეიტინგის მატებას, რომელმაც წლის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია
გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ ისინი იწონებენ სააკაშვილის საქმიანობას, ხოლო 30% არ იწონებს მის საქმიანობას. რესპონდენტთა 76%-ის აზრით, ბაიდენის ვიზიტი ”საქართველოს უსაფრთხოებისთვის პოზიტიური” იყო. გამოკითხვა 8-12 აგვისტოს ვაშინგტონურმა ორგანიზაციამ Greenberg Quinlan Rosner-მა ჩაატარა.
გამოკითხვის მონაცემების თანახმად, სეპარატისტული სამხრეთ-ოსეთის გამო რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილის პოპულარობა განამტკიცა მზარდი უსაფრთხოების შეგრძნებამაც. გამოკითხულ იქნა 1200 ადამიანი, ცდომილების ზღვარი 2.8%-ია.
საქართველოს ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომასა და ახალ არჩევნებს ითხოვდა. ისინი მას ომში საქართველოს დამარცხების გამო სდებდნენ ბრალს. ომმა ეკონომიკა დაახლოებით $1 მილიარდით აზარალა. ოპოზიცია იმასაც აცხადებდა, რომ სააკაშვილმა დათრგუნა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება.
გამოკითხულ რესპონდენტთა 63%-ის აზრით, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სააკაშვილი თავის ვადას 2013 წლამდე მიიყვანს, განსხვავებით 8%-სგან, რომლის შეხედულებით, ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.
კახა კუკავა ოპოზიციური ”კონსერვატიული პარტი”-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილის დადებითი რეიტინგი გამოკითხვაში გაბერილია.
”შერეული სიგნალები”
” 68% აშკარად არასწორი მაჩვენებელია” - ამბობს კუკავა - ”მას ამ ხარისხის მხარდაჭერის ნახევარიც კი არა აქვს. რა არის სწორი გამოკითხვაში, ეს დაცულობის მზარდი განცდა და დაძაბულობის კლებაა.”
კუკავა ამბობს, რომ აშშ მას შემდეგ, რაც ობამამ თანამდებობა დაიკავა, ხოლო ბაიდენმა ნდობის ჩამოყალიბება სცადა, აშშ ”შერეულ სიგნალებს” იძლევა.
ალექსანდრე რონდელი, თბილისის სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ ჩაერია, რათა აღეკვეთა ”რუსეთის შესაძლო პროვოკაციები, რომელთა მიზანიც ქვეყნის დესტაბილიზაცია იყო.”
”რუსეთის მიზანია სააკაშვილის მთავრობა მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს, რომ ქვეყანა არასტაბილური გამოჩნდეს” - სატელეფონო საუბარში განაცხადა რონდელმა - ”მაგრამ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ რასაც ეს გამოკითხვა აჩვენებს, ეს სწორია: რისკები შემცირდა, ადამიანები უფრო დარწმუნებულები გახდნენ და მთავრობამაც დაიწყო ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.”
ორიგინალი
Click Here to Read More..

ენდრიუ რეტმანი, ეკრემ კრამსკოი
ბრიუსელი - ევროკავშირის სამი სახელმწიფო გაერო-ს სასამართლოში დეკემბერში იმაზე იდავებს, რომ 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია უკანონო იყო, მაგრამ ევროკავშირის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილება კოსოვოს ახალ ”შეუქცევად” სტატუსზე გავლენას ვერ მოახდენს
ესპანეთი, რუმინეთი და კვიპროსი 1-დან 11-დეკემბრამდე გაერო-ს უმაღლეს საკანონმდებლო ინსტიტუტში, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილ მოსმენებზე სერბეთს და რუსეთს შეუერთდებიან.
იურიდიული დავა ”საერთაშორისო სამართალთან კოსოვოს დროებითი თვითმართველობის ორგანოების მხრიდან დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარების შეუთავსებლობაზე” სერბეთმა წამოიწყო, რომელიც მისგან გამოყოფილი პროვინციისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ამ კვირაში ევროკავშირის ანგარიშმა სერბეთი ”პარალელური სტრუქტურის” შექმნისა და კოსოვოში სერბეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პრიშტინას ხელისუფლების შერყევის მიზნით, დამატებითი არჩევნების დაფინანსებისთვის გააკრიტიკა.
შარშან, ესპანეთმა, რუმინეთმა და კვიპროსმა სლოვაკეთთან და საბერძნეთთან ერთად კოსოვოს აღიარებაზე უარი სთქვეს, მაგრამ ამ სამეულის მხრიდან ჰააგას პროცესში კოსოვოს სახელმწმიფოებრიობის წინააღმდეგ მონაწილეობა პასიურიდან აქტიურ წინააღმდეგობაში გადასვლაა. მას შემდეგ რაც გაერო-ს მოსმენებზე გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და აშშ-ს მხრიდან კოსოვოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა, ვერდიქტი, რომელიც სასამართლომ 2010 წლის დასაწყისში უნდა გამოიტანოს, არავინ იცის როგორი იქნება.
ყველა შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ”რჩევის” ძალა ექნება. ტექნიკურად ის ვერ მოახდენს გავლენას კოსოვოს განაცხადზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ადგილის მოპოვების შესახებ, მაგრამ პრიშტინასთვის, ისევე როგორც სერბეთისთვის მას დამატებითი პოლიტიკური ამუნიციის ფუნქცია ექნება იმ კონფრონტაციაში, რომელიც ევროპის ამ ჯერ კიდევ ცხელ რეგიონში დღემდე მიმდინარეობს.
”დადებითი გადაწყვეტილება უზარმაზარ პოზიტიურ გავლენას მოახდენდა ჩვენი რეგიონის სამწუხაროდ დღემდე მოწყვლად სტაბილურობაზე” - EUobserver-ს განუცხადა კოსოვოს პარლამენტის სპიკერმა ჯაკუპ კრასნიკიმ. ”ის მხარს დაუჭერს იმ ერებს, რომლებსაც სურთ ერთ დღეს კოსოვო ისეთი შესანიშნავი ოჯახის სრულუფლებიან წევრად იხილონ, როგორიც ევროკავშირია.”
ევროკავშირის ინსტიტუტებს არ სურთ რომ ესპანეთი, რუმინეთი და კვიპროსი გაერო-ს პროცესში ჩართვის გამო გააკრიტიკონ.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი ჰავიერ სოლანა კოსოვოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი არქიტექტორია, მაგრამ საქმე ეროვნული ინტერესების ისეთ მგრძნობიარე სფეროს ეხება, როგორიცაა ესპანეთის დამოკიდებულება ბასკეთის სეპარატიზმის მიმართ და კვიპროსის ურთიერთობები კუნძულის იმ ნაწილთან, რომელსაც თურქეთი აკონტროლებს.
”ეს არც ერთ შემთხვევაში ევროკავშირის კომპეტენცია არ გახლავთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის შიგნით ერთსულოვნებაა ისეთი პრაქტიკული საქმიანობის მიმართ, როგორიცაა ევროკავშირის კანონის უზენაესობის ხელშემწყობი მისია კოსოვოში” -განაცხადა ბატონი სოლანას ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.
ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე სერბეთს ან რუსეთს კოსვოს სახელმწიფოებრიობის საკითხის ხელახლა გააქტიურება შეუძლია, ევროკავშირისთვის ანათემას ტოლფასია.
”საერთაშორისო მმართველი ჯგუფის (ICO) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობას შეუქცევად პროცესად აღიქვამენ. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ კოსოვოსთვის მოვლენები უკან დაბრუნდება” - განაცხადა ICO-ს მმართველი ჯგუფის კოსოვოს ოფისის სპიკერმა ენდი მაკგაფიმ. საერთაშორისო მმართველი ჯგუფი კლუბია, სადაც 25 ქვეყანაა გაერთიანებული. ის 2008 წლის თებერვალში კოსოვოს მხარდაჭერისა და მისი დახმარებისთვის შეიქმნა. კლუბში ევროკავშირის 20 ქვეყანა, ასევე ხორვატია, ნორვეგია, შევეიცარია, თურქეთი და აშშ შედის.
კოსოვოს დაბადებიდან ევროკავშირი იმას ამტკიცებდა, რომ ამ სუბიექტის სახელმწიფოებრიობა უნიკალური (”sui generis”) შემთხვევა გახლდათ და ეს პრეცედენტი სხვა მსგავსი იურიდიული წარმონაქმნებისთვის არ გამოდგებოდა, მაგრამ კოსოვოს მხადაჭერის ფასი საქართველოს მაგალითზე გამოჩნდა, სადაც რუსეთმა იგივე არგუმენტი გამოიყენა იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად ეღიარებინა.
დღემდე მხოლოდ რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი ამჯერად დასაყრდენს აშშ-ს ისტებლიშმენტშიც იჩენს.
წამყვანმა ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა [1] 16 ოქტომბერს რედაქციის გადაწყვეტილებით (რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო) აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის ღია წერილი დაბეჭდა სახელწოდებით ”აფხაზეთი წარმატებას მიაღწევს” და ის ”პრეზიდენტად” მოიხსენია.
[1] სტატია ”აფხაზეთი წარმატებას მიაღწევს” არა The Washington Post-ში არამედ The Washington Times-ში გამოქვეყნდა (foreignpress.ge)
ორიგინალი
Click Here to Read More..
ჯერემი ბრენსტენი და კეტლინ მური
ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ადამიანი, რომელსაც ბევრი ჩეხოსლოვაკიის ”ხავერდოვანი რევოლუცი”-ის არქიტექტორად მიიჩნევს ”რადიო თავისუფლება”-სთან ინტერვიუში რუსეთზე, ნატო-ს გაფართოვებასა და იმის შესახებ საუბრობს, თუ რის გაგებას ელის ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან, როდესაც ის ამ კვირაში ჩეხეთს ეწვევა
ცოტა ხნის წინ თქვენ ბევრს საუბრობდით რუსეთზე, იმ შემაშფოთებელ სიგნალებზე, რომლებიც თქვენი აზრით კრემლიდან მოდის. უნდა ეშინოდეს თუ არა მსოფლიოს რუსეთის?
- არ ვფიქრობ, რომ ვინმეს მიმართ შიში უნდა არსებობდეს. პირიქით, ვფიქრობ რომ ისეთი სამყარო უნდა შევქმნათ სადაც ადამიანებს არაფრის შეეშინდებათ.
რა თქმა უნდა, კრემლი სახიფათო სიგნალებს ავლენს. მიმაჩნია და ამას ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ რუსეთთან პარტნიორული ტიპის, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები უნდა დამყარდეს, თუმცა პარტნიორობა გახსნილობას და პატიოსან ურთიერთობებს გულისხმობს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა დავიბრმავოთ და არ ვისაუბროთ იმაზე, რაც არ მოგვწონს, როდესაც საქმე ფუნდამენტური, უნივერსალური და ჩვენი აზრით მორალური იმპერატივების შელახვას ეხება.
რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გათვლა იმაზე, რომ მას ყოველთვის როგორც სნეულს ისე მოეპყრობიან და მის გადაცდომებზე თვალს დახუჭავენ. მის მიმართ იგივე სტანდარტები უნდა იქნას გამოყენებული, რაც სხვა ქვეყნების - ჩინეთის, ჩეხეთის ან ურუგვაის მიმართ.
აპრილში, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩეხეთში იყო, თქვენ მას უთხარით, რომ ადამიანები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. შემდეგ თქვენ პრეზიდენტის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნეთ. გარდა ამისა, ჩვენ ისიც მოვისმინეთ თუ როგორ შეაფასეთ თქვენ ის ფაქტი, რომ ობამამ დალაი-ლამასთან შეხვედრა გადადო. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ იმედები, რომლებსაც თქვენ ობამაზე ამყარებდით, არ გამართლდა?
- ასე ვერ ვიტყოდი. მას შემდეგ რაც ის პრეზიდენტი გახდა ცოტა დრო გავიდა. ბევრი პოლიტიკური ნაბიჯისთვის მას უბრალოდ დრო არ ჰქონდა. ამ მომენტისთვის გრძელვადიანი ამოცანები, რომლებიც მან დაისახა, თითქმის ყველას მოსწონს. ადამიანები მას მხარს უჭერენ, რადგან უკეთესობისკენ მიისწრაფვიან და ეს კარგია.
და მაინც, ჩემი შეხედულებით საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ყურადღების გამახვილება ღირს. როდესაც ობამა აქ იყო, მე მას იმედგაცრუების საფრთხეზე ვესაუბრე. ადამიანები, რომლებიც მასზე ზედმეტად დიდ იმედებს ამყარებენ, შეიძლება გაბრაზდენენ, თუკი ეს იმედები არ გამართლდება. ასე გარდაიქმნება ხოლმე იმედი იმედგაცრუებად.
ეს ჩემი გამოცდილებაა. მე მსგავსი რამ 20 წლის წინ გადავიტანე. ვიფიქრე, რომ ეს სიბრძნე მისთვის, როგორც დამწყები პრეზიდენტისთვის (ვხუმრობ) უნდა გამეზიარებინა. მან გამიგო და მიპასუხა, რომ ამ იმედგაცრუების ნიშნებს უკვე გრძნობს.
რაც შეეხება ღია წერილს, ის სხვებმა დაწერეს, მე მას მხოლოდ ხელი მოვაწერე, ასე რომ მასში არსებულ ფორმულირებებზე მე გავლენას ვერ მოვახდენდი. წერილის მიზანი უყო ისეთი ტიპის კომპორმისების წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილება, როგორებიცაა მშვიდობისა და ჰარმონიისთვის გარკვეულ საკითხებზე თვალის დახუჭვა, გარკვეული საკითხების გაწირვაც კი. ამ საშიში და მცირე კომპრომისების უკან ხშირად კეთილშობილი მოტივები დგას, ისინი ლოგიკურიც კია. ზოგჯერ მათი შემჩნევაც კი რთულია, მაგრამ შემდეგ მათ შეიძლება დიდი კომპრომისები მოჰყვეს. აი რას ვგულისხმობდი და რატომ მოვიყვანე დალაი-ლამას მაგალითი: მნიშვნელოვანია, რომ ეს მცირე, ერთი შეხედვით კეთილი მიზნებით ნაკარნახევი და დამშვიდებისკენ მიმართული კომპრომისები, სინამდვილეში ბოროტების წინაშე მომაკვიდნებელი უკანდახევის საწყისად არ იქცეს.
რას ელით შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პრაღაში ვიზიტისგან?
- მე მას თითქმის ოცი წლის განმავლობაში, როგორც სენატორს ისე ვიცნობდი. იგი არის ადამიანი, რომელსაც მწვავე შეკითხვების დასმა და უსიამოვნო თემებზე პირდაპირი საუბარი შეუძლია. ამას იგრძნობენ ისინი, ვინც მასთან საუბარს აპირებს.
ვფიქრობ, ის რეგიონში ამერიკის ინტერესების ფორმულირებას ახლებურად მოახდენს და მკაფიო მინიშნებას გააკეთებს იმაზე, რომ ამერიკა ჩვენში დაინტერესებულია და ამერიკის თვალთხედვიდან არავის ამოუშლივართ. როგორც სჩანს ის სწორედ ამას იტყვის და იმავდროულად შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას ახსნის. ჩემი აზრით, ცენტრალურ-ევროპაში მისი ვიზიტის არსი სწორედ ამაშია.
თუმცა, ბაიდენის ჩეხეთსა და პოლონეთში ვიზიტს უმრავლესობა რადარზე უარის თქმის შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობად აფასებს. როგორ ფიქრობთ, ამერიკამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება არასწორად ახსნა?
- პირადად ჩემთვის ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა. ანტი-სარაკეტო სისტემაზე საუბარი 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს საუბრობდნენ ”ვარსკვლავურ ომებზე.” კვლევები უკვე 15 თუ 20 მილიარდი დოლარი დაჯდა, ხოლო დავა იმის თაობაზე ეს ტექნოლოგია გამოიყენონ თუ სხვა, როგორ გამოიყენონ ხომ არ არის ეს ყველაფერი ძალიან ძვირი და ღირს თუ არა ამაზე მუშაობა - ეს ჩვეულებრივი ამბავია. როგორც სჩანს ყველა ადმინისტრაცია ამ საკითხს თავისებურად ხედავს, ასე რომ აბსოლუტურად ნორმალურია, რომ არც ობამას ადმინისტრაციაა გამონაკლისი. ეს უშუალოდ ამერიკა-ჩეხეთის ურთიერთობებს არ უკავშირდება.
მე სხვა ასპექტი უფრო მაინტერესებს: ჩეხების კამათი იმაზე, უნდა განთავსდეს თუ არა ალიანსის რადარი ჩეხეთის ტერიტორიაზე. მე ამ დავამ ძალიან დამწყვიტა გული და ის ჩვენზე ცუდად აისახა. თუკი ამერიკელებს ის განცდა აქვთ, რომ ჩვენ რადარზე უარის თქმამ გაგვანაწყენა, ჩემი აზრით ეს დაუსაბუთებელი განცდაა. მეორე მხრივ, მე გავიგებდი თუკი ისინი დეტალურად ამიხსნიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას, თუმცა, პირადად ჩემთვის არაფრის ახსნა არ არის საჭირო - მე ეს სუფთა ტექნიკურ საკითხად მიმაჩნია.
”რადიო თავისუფლება”-სთან თავის ამასწინანდელ ინტერვიუში ისტორიკოსმა ტონი ჯადტმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ”ვაშინგტონზე ოცნება” იყო. მისი თქმით, შეერთებული შტატები არ აპირებს მის დახმარებას და რუსეთისგან მის გადარჩენას, ასე რომ რეგიონის ქვეყნებმა ევროკავშირის გაძლიერებისთვის უნდა იღვაწონ. ასეთ მოსაზრებას როგორ აფასებთ?
- თქვენი მეცნიერი ერთ საკითხში ცდება: ჩვენ, რომ ჯერ ნატო-ში არ გავწევრიანებულიყავით, ევროკავშირის გაფართოვებაზე და მის შემადგენლობაში ახალი წევრების შეყვანაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ძირითად პრობლემას სწორედ ეს - რეგიონის უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენდა. მას ალიანსი უზრუნველყოფს, განსაკუთრებით კი ამერიკელები. ევროკავშირის გაფართოვება ნატო-ს გაფართოვების შემდეგ მოხდა, ასე რომ ევროკავშირს გარანტიების შექმნა არ მოუხდა, ამით სხვა სტრუქტურა იყო დაკავებული.
მე ამაზე გული არ მწყდება. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ არასწორია იმაზე ფიქრი, თითქოს უსაფრთხოების ევროპული და ამერიკული გარანტიები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ევროპასა და ევროკავშირში მყარად დამკვიდრებას ჩვენ მხოლოდ ამერიკასთან ალიანსის წყალობით შევძლებთ.
წელს კონფერენციაზე ”ფორუმი 2000” თქვენ თქვით, რომ ისეთ განცხადებებზე, როგორიცაა, რომ ჩვენ ნავთობს ვერ მივიღებთ თუკი ღიად ვისაუბრებთ პოლიტიკურ პატიმრებზე, მხოლოდ ერთი სწორი პასუხია: ”დაიტოვეთ თქვენი ნავთობი თქვენთვის.” ბევრმა ასეთი მიდგომა რეალურად არ მიიჩნია.
- ეს ერთგვარი ჰიპერბოლა იყო ტიმოთი გარტინ ეშის სტილში. მე იმის თქმა მსურდა, რომ მათხოვრებივით არ უნდა ვიქცეოდეთ. ზოგჯერ ღირსება უნდა გამოვავლინოთ და ვაჩვენოთ, რომ რამდენიმე დღე ნავთობის გარეშე გავძლებთ. მათ ექსპორტზე უარის თქმა არ შეუძლიათ, რადგან ნედლეული მათი მშპ-ს საფუძველია და თუკი ისინი ჩვენი სიმტკიცის მოსინჯვისას დაინახავენ, რომ პარტნიორი მორიგი არჩევნების შედეგზე თვალს არ დახუჭავს და გარკვეული პრინციპების დაცვა შეუძლია, მათ შესაძლოა ასეთ მუქარებს აღარ მიმართონ.
და ბოლო შეკითხვა, რომელიც ხშირად გესმით. თქვენ ის გაზაფხულზე ”რადიო თავისუფლება”-ში სტუმრობის დროსაც დაგისვეს. მაინც, ხომ არ შეგიძლიათ ცალსახად სთქვათ: თქვენი აზრით, საქართველო და უკრაინა ნატო-ში უნდა გაწევრიანდენენ?
- მე ყოველთვის ვამბობდი: იმისთვის რომ ნატო-მ კარგად იმუშაოს, მან უნდა იცოდეს ის სად იწყება და სად მთავრდება და როგორია მისი გავლენის არეალი. სხვათაშორის, იგივე ეხება ევროკავშირსაც. ამ ორგანიზაციებისთვის ეს არეალი პირველ რიგში ღირებულებებით და გეოგრაფიით განისაზღვრება. რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, რომ ნატო-ს და ევროკავშირის საზღვრები რუსეთის საზღვრის გასწვრივ გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელორუსი დასავლური ცივილიზაციის სფეროს განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიქტატურა დამყარდა. ეს რა თქმა უნდა, ხანგრძლივი განვითარების და ნების საკითხია - ამა თუ იმ ალიანსში გაწევრიანება, რა თქმა უნდა პირველ რიგში თავად საზოგადოების გადასაწყვეტია და მაინც გეოგრაფიის თვალსაზრისით უკრაინა და ბელორუსი ამ სფეროს განეკუთვნება, საქართველო კი მისი საზღვრის კიდეა. აქ თურქეთიც უნდა გავიხსენოთ, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც ნატო-ს წევრია.
შესაძლებელია საქართველოს მიღებაც სამართლიანი იყოს, თუმცა მეორე მხრივ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს მომავლისთვის უკეთესი იქნება თუ ის ადგილზე მყარად დამაგრდება და განამტკიცებს კავშირებს უშუალო მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ასე შემდეგ, მით უფრო რომ რეგიონის ყველა ყოფილ კონფლიქტში მეზობელი ქვეყნები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, საქართველოს ძირითადი ინტერესი სწორედ ამ სფეროშია.
თუმცა მე არ ვამბობ, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებს არა აქვთ უფლება გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღონ.
ორიგინალი
Click Here to Read More..

ვილიამ დანბარი
თბილისში შარშანდელ რუსეთ-საქართველოს ომზე ჰოლივუდური გადაღებები დაიწყო
ენდი გარსია ამ კვირაში აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაში, ხელმძღვანელი მამაკაცის როლს თამაშობს. ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია მისი გამორჩეულად ამერიკული როლებით ფილმებში ”ხელუხლებლები” (Untouchables) და ”ოუშენის 11 მეგობარი” (Ocean's 11), შარშანდელ რუსეთ-საქართველოს ომზე მაღალბიუჯეტიან ფილმში საქართველოს მგზნებარე ლიდერის მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს.
გადაღებები თბილისის დედაქალაქში ამ კვირის პირველი დღეებიდან დაიწყო. ათასობით მოხალისე ფიქტიურ აქციაში მონაწილეობისთვის შეიკრიბა. გარსია სააკაშვილის ხასიათში სრულად იჯდა. მისი ინტონაცია და ფრაზები ერთი შეხედვით შაბლონური იყო, თუმცა ისინი სააკაშვილის რეალური გამოსვლებიდან მეტ-ნაკლებად ზუსტად ამოკრეფილი ციტატებისგან შედგებოდა.
”თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ საღამოს ჩვენ მარტონი არა ვართ” - უთხრა გარსიამ მის ფსევდო- მხარდამჭერებს, რომლებიც იმ დემონსტრაციის მონაწილეებს ასახიერებდნენ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტის წინ გაიმართა.
მაგრამ იმ დღისგან განსხვავებით, როდესაც რუსული ტანკები დედაქალაქისკენ მოემართებოდა, ამ დღეს ატმოსფერო უფრო საზეიმო იყო. ხალხის მასა, რომელიც ძირითადად ოჯახებისა და ახალგაზრდა ადამიანებისგან შედგებოდა, მორჩილად უკრავდა ტაშს, როგორც კი ამას ანიშნებდნენ და გაოცებული უცქერდა საკუთარი ქალაქის ცენტრს, რომელიც კინოს დიდ გადასაღებ მოედნად გადაქცეულიყო.
ფილმის ბიუჯეტი 32 მილიონი დოლარია (19 მილიონი ევრო), შესაბამისად ეს ყველაზე მასშტაბური ფილმია, რაც კი საქართველოში ოდესმე გადაღებულა, ამიტომ ბევრი ადამიანი აქ მხოლოდ სპექტაკლის საყურებლად მოვიდა.
ფილმის დროებითი სახელწოდებაა ”საქართველო.” მისი რეჟისორი რენი ჰარლინია, რომელმაც ადრე ”კერკეტი კაკალი 2” და ”მაგნიტი” გადაიღო. რაც შეეხება სიუჟეტს, ფილმი ამერიკელ ჟურნალისტზე და მის ოპერატორზეა, რომლებიც საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩდნენ და ამბის თხრობის დროს ცდილობენ ობიექტურობა შეინარჩუნონ.
კინომწარმოებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფილმში მთავარი - ანტი-საომარი გზავნილია, მაგრამ არსებობს შიში, რომ ის მოვლენებზე საქართველოს მთავრობის ვერსიას წარმოაჩენს. ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ მთავრობამ კინომწარმოებლებს საჯარო შენობები და სამხედრო ნაწილები დაუთმო და ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი პაპუნა დავითაია პარლამენტის დეპუტატია და პრეზიდენტის პარტიას წარმოადგენს. იმავდროულად ეს ამ თემაზე გადაღებული პირველი ფილმი არ არის: ცალსახად პრო-მოსკოვური ფილმი ომზე ”ოლიმპუს ინფერნო,” რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ამ წლის დასაწყისში გავიდა.
ეს ფილმი კონფლიქტში ბრალს საქართველოს სდებდა. დღემდე სააკაშვილს ბევრი ადანაშაულებს. ომი მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მის სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე შეტევა წამოიწყო, ამტკიცებდა რომ რუსეთის არმიას ქვეყნის საზღვარი გადმოლახული ჰქონდა. ცოტა ხნის წინ, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა, ომზე პასუხისმგებლობა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორივე მხარეს, რუსეთსაც და საქართველოსაც დააკისრა.
სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციური ლიდერია, ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც ბატონ სააკაშვილს პასუხისმგებლობას აკისრებს. სოციალურ ქსელში Facebook-ი მან კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ამ ფილმზე დათანხმებით, ის ნამდვილ ომს უბრუნდება და მას ცუდი გემოვნებით იმეორებს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამ ომის დიდ ეკრანზე გადატანა ძალიან ადრეა.
თუმცა, ქართველების უმრავლესობისთვის ომისშემდგომ პერიოდში კინოს შოუ-ბიზნესის შხაპის ხიბლი ჰქონდა. ფილმთან დაკავშირებული უამრავი ინტერნეტ-დისკუსიიდან ერთგან ”თამუნა კ” აღფრთოვანებული წერს: ”წინადადება მაქვს. მოდით, დავტოვოთ გარსია პრეზიდენტად, სააკაშვილს კი შეუძლია ჰოლივუდში გაფრინდეს.”
ორიგინალი
Click Here to Read More..
სარედაქციო წერილიამერიკა თავის მეგობრებს საფრთხეში გვერდზე უნდა დაუდგეს
ობამას ადმინისტრაციის მიერ მოსკოვთან ურთიერთობების ”გადატვირთვამ” რუსეთის პერიფერიაზე მდებარე ქვეყნებში გასაგები ნევროტულობა გამოიწვია. შვებისმომგვრელი არც ის იყო, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერმა პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას ”მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა უწოდა.” იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისუფლება მოიპოვეს, სავსებით სამართლიანად გაჩნდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ისინი ერთხელაც ისევ შეიძლება ბოროტების იმპერიას დაექვემდებარონ.
საქართველოს რესპუბლკას, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან განლაგებულს, სხვებზე მეტი საბაბი აქვს შეშფოთებისთვის. რუსულმა ჯარმა საქართველოს ტერიტორიების, სამხრეთ- ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში ორ ქვეყანას შორის ხანმოკლე სამხედრო კონფლიქტი მოხდა. ახლა რუსული პრესა საქართველოში ”დაუსრულებელ საქმეზე” გუგუნებს და რუსული არმია თბილისიდან, საქართველოს დედაქალაქიდან 40 მილში დგას. ჩვენ გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან დავით ბაქრაძისგან, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიმს ჯონსთან მისი შეხვედრის წინ, ექსკლუზიური ინტერვიუ ავიღეთ. მან გვითხრა, რომ ესმის ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების ლოგიკური საფუძველი, მაგრამ ”მაშინაც როდესაც გადატვირთვის ღილაკს აჭერ, შენს კომპიუტერში მაინც რჩება ზოგიერთი პროგრამა.” ის მოელის, რომ ობამას ადმინისტრაცია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, პოლიტიკას რომელიც კლინტონის ადმინისტრაციის მიერ იყო მიღებული და რომელიც ბუშის მმართველობისას გაგრძელდა.
საქართველომ აშშ-ს პატივისცემა და კეთილგანწყობა დაიმსახურა, როდესაც ამერიკას ყველაზე საჭირო მომენტში დაეხმარა. საქართველომ 2 000 კაციანი ბრიგადა ერაყში კოალიციის მხარდასაჭერად გააგზავნა. ეს ისეთივე დიდი წვლილი იყო, როგორიც ავსტრალიისა. 2010 წელს საქართველო ამერიკული სარდლობის ხელმძღვანელობით საბრძოლველად ავღანეთში ბატალიონს გააგზავნის. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე, ნატო-ს წევრებმა დაარწმუნეს თბილისი, რომ საბოლოოდ ის ალიანსის წევრი გახდება. რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაკეთილსინდისიერად მოიქცა. მან დაარღვია 2008 წლის აგვისტოს საზავო შეთანხმება და იმის ნაცვლად, რომ ჯარი გაეყვანა, გაზარდა სამხედროების რაოდენობა. ”სამხრეთ-ოსეთი დიდი სამხედრო ბანაკია” - განაცხადა ბაქრაძემ.
რუსეთმა კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, როდესაც სახრეთ-ოსეთი და აფხაზეთი აღიარა. ისინი ასევე რუსეთის მოძმე ქვეყნებმა ვენესუელამ და ნიკარაგუამაც სცნეს. ბაქრაძე რუსეთის მოტივებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. ”რა მიიღო ამით რუსეთმა?” - იკითხა მან - ”არაფერი. პოლიტიკური იზოლაცია და კრიტიკა. ეს უნდოდა რუსეთს? ეჭვი მეპარება.” ბაქრაძემ გვითხრა, რომ აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელება საქართველოსთვის ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია. ”დემოკრატიის მხარდაჭერა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ინტერესებშია” - განაცხადა მან. ომი ტერორიზმთან და პატარა ქვეყნების გამოყენება გლობალური ტერორისტული თავდასხმების დაგეგმისათვის იმის მანიშნებელია, რომ ”აღარ არსებობენ შორეული ქვეყნები.”
შეერთებული შტატები დაინტერესებულია რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში, რათა არ წაახალისოს მოსკოვის ექსპანსიონისტური ტენდენციები. რუსეთის ლიდერებს ისეთებს, როგორიცაა პუტინი, რომელმაც დაიტირა საბჭოთა კავშირის დაშლა, შეიძლება მისი აღდგენის ცდუნება გაუჩნდეთ. საქართველოს შეიძლება ის მოუვიდეს, რაც ჰიტლერის ექსპანსიონიზმის გამო დანაწევრდეს და მერე ის სხვა ქვეყანამ გადაყლაპოს და თუ ეს საქართველოში მოხდება, ეს მერე შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაშიც მოხდეს.
"საქართველოს დახმარების საკითხი ფუნდამენტურად უკავშირდება ამერიკულ იდეალებს. ”თავისუფალი სამყაროს ლიდერები უარს არ ამბობენ თავის მეგობრებზე” -გვითხრა ბაქრაძემ - ”ამერიკული დიპლომატია უფრო მეტია ვიდრე ევროპული ყაიდის რეალ-პოლიტიკა. თქვენი ქვეყანა ღირებულებების ქვეყანაა. ჩვენ იგივე ღირებულებებს ვიზიარებთ და ღირს მათი დაცვა და ბოლოს, ამერიკა რაღაცას წარმოადგენს” - განაცხადა მან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ჯერაც შეესაბამება სინამდვილეს.
ორიგინალი
Click Here to Read More..
ვალენტინა პოპი
ბრიუსელი - არასამთავრობო ორგანიზაციამ ”რეპორტიორები საზღვრებს მიღმა ორშაბათს (20 ოქტომბერს) მისი ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, განსაკუთრებით სლოვაკეთში, იტალიასა და ბულგარეთში
სლოვაკეთმა წელს ევროკავშირის დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე სერიოზული ვარდნა აჩვენა. მან 2008 წელთან შედარებით 37 პოზიციით დაიწია, ეს კი ”მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუშაობაში სახელმწიფოს ჩარევის” და იმ კანონის მიღების შედეგია, რომელმაც პრესაში საპასუხო რეაქციის ავტომატური უფლება შემოიღო.
ინდექსის შემდგენელები 175 ქვეყანას ქულებით 0-დან 115,50-მდე აფასებენ. 0 საუკეთესო შეფასებაა და პირველ ადგილს რეიტინგში დანია, ფინეთი, შვედეთი, ირლანდია, ესტონეთი და ნორვეგია ინაწილებენ. 115,50 კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც ერითრეამ მიიღო.
რეიტინგი და ინდექსი 40 კრიტერიუმის მიხედვით შედგენილ კითხვარს ეფუძნება, სადაც ისეთი მაჩვენებლები შედის, როგორებიცაა ჟურნალისტებზე ძალადობა, თავისუფლების აღკვეთა, ფიზიკური თავდასხმები, ცენზურა, ტირაჟების კონფისკაცია, ჩხრეკა და თვალთვალი. ინდექსში გათვალისწინებულია ასევე დაუსჯელობის ხარისხი, რომლითაც სარგებლობენ ისინი, ვინც პრესის თავისუფლების დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები.
ევროკავშირის წევრებში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს ბულგარეთმა, რომელიც 68-ე ადგილზე აღმოჩნდა, რუმინეთმა (50-ე ადგილი) და იტალიამ (49-ე ადგილი).
”რეიტინგების ვარდნა ბულგარეთში, ასევე იტალიაში, რომელმაც ევროკავშირის ექვსი დამფუძნებელი ქვეყნიდან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, ორგანიზებული დანაშაულის საქმიანობით და ჟურნალისტებზე ზეწოლით აიხსნება” - ნათქვამია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს დასკვნაში.
”მედიის დევნა სილვიო ბერლუსკონის მხრიდან, მაფიის ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც მათ ქმედებებს ამხელენ, ასევე კანონპროექტი, რომელიც არსებითად ზღუდავს პრესის შესაძლებლობებს სანქცირებული სატელეფონო მოსმენების ჩანაწერების გამოქვეყნებაზე - ეს ყველაფერი ხსნის იტალიაში რეიტინგის ასეთ ვარდნას უკვე ზედიზედ მეორე წლის განმავლობაში.”
ჟურნალისტებს იტალიასა და ესპანეთში კვლავ ემუქრებათ ფიზიკური ძალადობის საფრთხე, ასევე ევროკავშირს წევრობის კანდიდატ-ქვეყანაში ხორვატიაში, სადაც 2008 წლის 23 ოქტომბერს ასაფეთქებელი საშუალების ამოქმედების შედეგად ყოველკვირეული გამოცემის Nacional-ის მფლობელი და კომერციული დირექტორი მოკლეს.
რეიტინგში 8 პოზიციით დაიწია საფრანგეთმა, რაც გამოწვეულია სასამართლო ძიებებით, ჟურნალისტების დაპატიმრებებითა და მედია-საშუალებების რედაქციებში მოწყობილი ჩხრეკებით, ასევე მათ საქმიანობაში ცნობილი პოლიტიკოსების ჩარევით, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ჩათვლით.
”შეშფოთებას იწვევს ის, რომ ისეთი ევროპული დემოკრატიები, როგორებიც საფრანგეთი, იტალია და სლოვაკეთია მუდმივად, წლიდან-წლამდე რეიტინგებში პოზიციებს კარგავენ” - აცხადებს ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს გენერალური მდივანი ჟან-ფრანსუა ჟულიარი, ”ევროპა სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. როგორ შეიძლება გმობდე ადამიანის უფლებების დარღვევას სხვა ქვეყნებში, თუკი საკუთარ სახლში სამაგალითოდ არ იქცევი?”
ინდექსი იტალიელი პრემიერის მისამართით მორიგი კრიტიკის საშუალებად იქცა, სწორედ იმ მომენტში, როდესაც ოთხშაბათს ევრო-პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს გაზეთების მიმართ ბერლუსკონის მრავალრიცხოვან საჩივრებს, რომლებიც მის სექსუალურ სკანდალებზე სტატიებს და ფოტოებს აქვეყნებდნენ.
მემარჯვენე ცენტრისტული ევროპული სახალხო პარტია (ესპ), რომელსაც ევრო-პარლამენტში დღეს მსხვილი წარმომადგენლობა აქვს, შეეცადა დაებლოკა ან შეეცავალა ეს რეზოლუცია და არგუმენტად ზოგადად ევროპაში და არა მხოლოდ იტალიაში შექმნილი სიტუაცია მოიყვანა. ბერსლუსკონის პარტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანია ესპ-ეს ფრაქციის შემადგენლობაში, ამტკიცებს რომ კრიტიკას პოლიტიკური ხასიათი აქვს და ის მემარცხენე იტალიური ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული.
სამშაბათის მდგომარეობით, რეზოლუციის პროექტის ტექსტში რჩებოდა მოწოდება იტალიის პრემიერის მიმართ უარი თქვას სასამართლო პრეტენზიებზე და ”დაკავდეს იმ ანომალიური მოვლენების აღმოფხვრით, რომლებიც ინტერესთა განსაკუთრებულ კონფლიქტს წარმოადგენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ ხელისუფლებას და მედია ხელისუფლებას შორის.” ეს პირდაპირი მინიშნებაა დიდ მედია-ჰოლდინგებზე, რომლებიც ბერლუსკონის ეკუთვნის.
ევროპული სახალხო პარტიის ფრაქცია, როგორც სჩანს ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას ან შესწორებებს შეიტანს დოკუმენტში, მიუთითებს რა სხვა ქვეყნებზე, სადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მემარცხენე პოლიტიკოსების ხელშია კონცენტრირებული.
რუსეთი ბელორუსზე უარესია
მედიის თავისუფლების ინდექსში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი პირველად აღმოჩნდა ბელორუსის ქვევით. ეს ჟურნალისტების და აქტივისტი-უფლებადამცველების მკვლელობებით აიხსნება. დაბრუნდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ცენზურა, ასევე ”რეპორტიორებისთვის აკრძალული თემები,” დამნაშავეებს კი რუსული სასამართლოების არ ეშინიათ.
”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” იუწყება, რომ პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული სიტუაცია თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში გაუარესდა, საქართველოს გამოკლებით (81-ე ადგილი) და ნაკლებად ბელორუსში (151-ე ადგილი). ამ ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირთან დიალოგის განახლების ფარგლებში ჯერ კიდევ ძალიან ფრთხილად და შეზღუდულად, მაგრამ პრესასთან ურთიერთობების გაუმჯობესება მაინც დაიწყო.
საქართველოს პოზიცია 39 პუნქტით ამაღლდა, ”რადგან ის შეფასების პერიოდში ომს არ აწარმოებდა,” უფრო სწორედ 2008 წლის პირველი სექტემბრიდან 2009 წლის 31 აგვისტომდე და მაინც ”პოლიტიკური დაძაბულობა” ამ კავკასიურ ქვეყანაში მოვლენების გაშუქებაზე ახდენს გავლენას.
ორიგინალი
Click Here to Read More..
ელეონორ ჰოლირუსეთმა ეს მოვლენა სატელევიზიო სერიებად აქცია. ახლა ჰოლივუდიც მოქმედებას იწყებს და ენდი გარსია მთავარ როლშია
მაგრამ, როგორც ჩვენი მოსკოველი კორესპონდენტი სკოტ ბივენი იტყობინება, ამერიკული კომპანიის მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ ფილმის გადაღების გადაწყვეტილებამ, სულ ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც ბრძოლა შეწყდა, რუსი კრიტიკოსების საშინელი პროტესტი გამოიწვია.
(სტვენისა და მხიარული შეძახილების ხმა)
სკოტ ბივენი: საქართველოს პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მათ წინ სცენაზე კოსტუმში ჩაცმული კაცი დგას, რომელიც ერთი შეხედვით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ის წინ გამოდის და რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების გამო მიმდინარე ომზე სიტყვის თქმას აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი (რომელსაც ენდი გარსია თამაშობს): და ახლა აქ, ამაღამ დამოუკიდებლობის საკითხი წყდება.
(შეძახილები, აპლოდისმენტი)
და არა მხოლოდ ჩვენი საყვარელი საქართველოსთვის.
სკოტ ბივენი: მაგრამ ის, ვინც ახლა ლაპარაკობს, საქართველოს პრეზიდენტი არ არის, არამედ მსახიობი ენდი გარსიაა, ხოლო ადამიანები, რომლებიც ანტი-საომარ პლაკატებს აფრიალებენ, დემონსტრანტები კი არა, მსახიობები არიან. ეს არც 2008 წლის აგვისტოა, როდესაც რუსულმა ჯარმა სულ რაღაც ხუთ დღეში დაამარცხა ქართული არმია.
2009 წლის ოქტომბერში ეს ყველაფერი ქალაქში შემოსული ჰოლივიდური კამერების წინ ხდება.
რუსუდან პირველი ქართველი რეჟისორია, რომელიც ფილმის გადაღებებზე პროდიუსერის ასისტენტად მუშაობს.
რუსუდან პირველი: ვფიქრობ, ჰოლივუდის პროდუქციასთან შედარებით ეს დიდი რამ არ არის, მაგრამ ჩვენთვის ეს მართლაც უზარმაზარი მოვლენაა.
სკოტ ბივენი: კინოფილმს, რომელიც ამ ხანმოკლე კონფლიქტის მოვლენებზეა დაფუძნებული, არა მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის, თბილისის სამთავრობო შენობებში და მათ გარშემო იღებენ, არამედ პატარა ქალაქებშიც, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა.
რეჟისორი რენი ჰარლინია, რომელმაც ”კერკეტი კაკალი-2” გადაიღო და რომელიც იმასთან, რაც საქართველომ გამოიარა გარკვეულ კავშირს გრძნობს.
რენი ჰარლინი: მე თვითონ პატარა ქვეყნიდან ვარ. მე წარმოშობით ფინეთიდან ვარ და ვიცი რა შეიძლება გადაიტანოს პატარა ქვეყანამ, ასეთი ომები მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს: აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ-ამერიკაში. საქართველო მხოლოდ ერთი მაგალიათია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, მოყვე უნივერსალური ისტორია, რომელიც მთელს მსოფლიოში უამრავ ადამიანს აღელვებს.
სკოტ ბივენი: ქართველ რეჟისორს რუსუდან პირველს ძალიან უნდა იმის ნახვა, თუ რამდენად აისახება ისტორია ფილმში.
რუსუდან პირველი: ახლა მე შემიძლია ვნახო, თუ როგორ აკეთებს ამას ამერიკელი რეჟისორი, ხომ იცით ფილმებში ჩვეულებრივ ყველაფერი ოდნავ გადაჭარბებულია, მაგრამ ეს მართლაც ძალიან რეალურად გამოიყურება.
სკოტ ბივენი: საზღვრის იქით ბევრი რუსი ასევე ელოდება, რა გზავნილები იქნება ფილმში ომსა და მათ ქვეყანაზე.
ხალხის ხმა 1 (თარგმნილი): ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ გაკეთდება ეს ფილმი ამერიკული თვალთახედვიდან.
ხალხის ხმა 2: ეს მხატვრული ფილმია, ეს ჰოლივუდია, ეს მხოლოდ შოუა.
სკოტ ბივენი: ეს არ იქნება პირველი ფილმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომზე შეიქმნა. მთავრობის მიერ კონტროლირებადმა რუსულმა ტელეარხმა დაუკვეთა ასეთი ფილმი და ის მარტში უკვე გადაიღო.
ახლა, როდესაც უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სროლა გაჩერდა, პროპაგანდისტული ომი რუსეთსა და საქართველოს შორის გრძელდება. ერთი მხარე მეორეს კონფლიქტის ამბების შეთითხვნაში ადანაშაულებს და იმაშიც, თუ ვის უნდა დაედოს ბრალი.
არსებული დაძაბულობის ფონზე, ცნობილ რუს კინოკრიტიკოსს ანდრეი პლახოვს მიაჩნია, რომ ჯერ ძალიან ადრეა ამ თემაზე ფილმების გადაღება და ვარაუდობს, რომ მათ ისტორიული ავთენტიკურობა უნდა ჰქონდეთ.ანდრეი პლახოვი: მე მგონია, რომ ახლა ძალიან რთულია პროპაგანდის თავიდან აცილება. უკეთესი იქნება დავიცადოთ, არა მხოლოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ. თუ 10-15 წელი დავიცდით, ჩვენ სიტუაციას სხვა თვალით შევხედავთ.
სკოტ ბივენი: მაგრამ, თუ ხელოვნების აზრი დებატების პროვოცირებაშია, მაშინ ეს ფილმი, როდესაც ეკრანებზე მოხვდება, ალბათ, ამას მოიტანს.ეს იყო სკოტ ბივენი მოსკოვიდან.
ორიგინალი
Click Here to Read More..