
ტონი ჰელპინი
ახლა, როდესაც აშშ და რუსეთი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და აღმოსავლეთ-ევროპაში ანტი-სარაკეტო ფარის განთავსებაზე ჩხუბის შემდეგ შერიგდნენ, ახალი "ცივი ომის" პრევენციისთვის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი -რუსეთის ნატო-ში გაწევრიანება იქნება ბოლო წლებში თითქმის ყველა დაძაბული მომენტი, რომელიც ხელს უწყობდა დასავლეთთან ურთიერთობების გამწვავებას, უშუალოდ იყო დაკავშირებული რუსეთის შიშებთან, რომ ნატო მის საზღვრებთან ახლოვდებოდა. ეს თემა აქტუალობას დაკარგავს, თუკი რუსეთი თავად გახდება ალიანსის წევრობის კანდიდატი.
ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ნატო-ს სწრაფად დათანხმებაც კი არ მოუწევს. თავისთავად წინადადება მოწვევაზე მოსკოვისთვის უკვე გახდებოდა სერიოზული სტიმული, გადაეხედა თავისი მტრული დამოკიდებულებისთვის ბალტიის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოს და ასევე ბოლოდროინდელი მოვლენების კვალდაკვალ პოლონეთის მიმართ, რადგან მათგან მხარდაჭერის მოპოვება აუცილებელი პირობაა პატიებისა და ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის.
ეს თავად ნატო-სთვისაც გამოცდა იქნება. ალიანსის საზღვრებში რუსეთთან ერთად მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფერო მოექცევა, რითაც დასრულდება ბლოკის ტრანსფორმაცია ორგანიზაციიდან, რომელიც დიდწილად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იყო ორიენტირებული - ისეთ კავშირად, რომელიც უშუალოდ დაინტერესებული იქნება, როგორც ეს ავღანეთის მაგალითზე ჩანს, გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
გასულ კვირას, ანდრეს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის ამპლუაში თავის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ ალიანსისთვის აუცილებელია, რომ რუსეთი "ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს." ნატო-ს წევრობა კი სწორედ მუდმივ მონაწილეობას ნიშნავს.
დაძაბულობის განმუხტვისთვის პრეზიდენტი მედვედევი ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ ნატო-ს წევრი-სახელმწიფოების უმრავლესობას არ სურს ველოსიპედის გამოგონება - ნაწილობრივ რუსული მოტივებისადმი უნდობლობის გამოც.
თუმცა, ნატო-ში წევრობაზე განაცხადი ალიანსის ქვეყნებს დააფიქრებდა მოსკოვის იმ ნაკლზე, რასაც მისი მერყეობა ჰქვია. გარდა ამისა, რუსეთიც და უკრაინაც ნატო-ს წევრები რომ ყოფილიყვნენ, ეს ქვეყნებს შორის ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბედთან დაკავშირებულ დაძაბულობას შეასუსტებდა.
თუკი მოსკოვის ჭეშმარიტ მიზანს, როგორც ეს ბევრ უკრაინელს მიაჩნია, ყირიმის დაბრუნება წარმოადგენს, ამით რუსული ამბიციები ქვეყნის მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებებით (რაც აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას გულისხმობს) მოთოკკავდა.
იგივე შეიძლება ითქვას, რუსულ ბაზებზე საქართველოსგან გამოყოფილ რეგიონებში - სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში. დღევანდელ დღეს, რუსეთს მათზე უარის თქმის არანაირი მოტივი არა აქვს, თუმცა პოტენციური სარგებლის თვალსაზრისით, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ალიანსის წევრობით მიიღებს, მას ამის გადაფასება მოუხდება.
რუსეთი საკუთარი შეიარაღებული ძალების სრულ რესტრუქტურიზაციას შეუდგა, რათა ის თანამედროვე ანუ ნატო-ს სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. რამდენად მარტივი იქნებოდა ამის განხორციელება ნატო-ს დახმარებით, ალიანსთან ინტეგრაციისთვის მომზადების პროცესში?
ნატო-ს წევრობა მოსკოვს იმის გარანტიას მისცემს, რომ ევროპის კონტინენტთან დაკავშირებული არც ერთი გადაწყვეტილება მისი თანხმობის გარეშე მიღებული არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი გავლენის იმ ხარისხს მიიღებს, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა.
2001 წელს, სლოვენიაში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან მისი პირველი სამიტის დროს ვლადიმერ პუტინი მოჰყვა, რომ 1954 წელს საბჭოთა კავშირმა ნატო-ს საიდუმლოდ მიმართა ინიციატივით, რომ ის მიეღოთ ორგანიზაციაში. კითხვაზე გაწევრიანდებოდა თუ არა ალიანსში, პუტინმა სთქვა "რატომაც არა?"
მან ახსნა რომ რუსეთი ნატო-ს "მტრულ ორგანიზაციად" არასდროს განიხილავდა, პუტინმა შეერთებულ შტატებზე მომდევნო ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი რამ სთქვა: "როდესაც დიდი ზესახელმწიფოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას რუსეთში პარტნიორის და შესაძლო მოკავშირის დანახვა სურს, ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს."
ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ, პრეზიდენტ ობამას მხრიდან რუსეთთან ურთიერთობაში "გადატვირთვისკენ" გადადგმული ნაბიჯები იმის ტესტირების შესაძლებლობას იძლევა, თუ რამდენად აწყობს მოსკოვს ნატო-ს ფარგლებში გახდეს მოკავშირე.
ნატო-ს წევრობაზე განაცხადი კრემლის ავტორიტარიზმის "ჯიბის" ადვოკატების მიერ გავრცელებულ მითს დაანგრევდა იმის თაობაზე, რომ ნატო - ანტი-რუსული ორგანიზაციაა. თუკი უსაფრთხოებაზე ნერვიულობა დღის წესრიგიდან გაქრება, რუსეთში დემოკრატიის საკითხს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა.
ორიგინალი
Click Here to Read More..